გელა ჩარკვიანი, საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის და შვილის გვერდით დაკრძალეს
ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი, საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის და შვილის გვერდით დაკრძალეს.
გელა ჩარკვიანი საცხოვრებელი სახლიდან ტაშით გამოასვენეს.
გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
გელა ჩარკვიანმა 1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში, მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში.
1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო. ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.
2001 წელს მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები – 2006 წელს.
ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. 2008 წლის ზაფხულში ჩარკვიანის ცხოვრების თერთმეტწლიანი ეპიზოდის (1997 წლიდან 2008 წლამდე) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე).
გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.