კვიპროსის პრეზიდენტი – საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მხარდაჭერა, თბილისისა და ბრიუსელის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით
კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს პრეზიდენტს კვიპროსის რესპუბლიკის აბსოლუტური მხარდაჭერა, თბილისისა და ბრიუსელის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო იმ სამმხრივ და მრავალმხრივ დონეზე შემუშავებულ ინიციატივას, რომელიც კვიპროსს ფართო რეგიონში სტაბილურობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბების შესახებ აქვს.
„დღევანდელ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილთან გავცვალეთ შეხედულებები ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობების შესახებ, იმ ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების შესახებ, რომლებიც არის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ციკლური ემიგრაციისა და აკადემიური ხარისხების გაცვლა/აღიარების, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე. უმნიშვნელოვანესია ის ბიზნესშეთანხმებები, რომლებზეც გვქონდა საუბარი, ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებების მიმართულებით, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. დღეს ვისაუბრეთ ძალიან ფართო თემებზე, რაც საერთო ინტერესებს წარმოადგენს, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მდგომარეობის შესახებ, რაც ეხება მთიან ყარაბაღს, ასევე შავი ზღვის რეგიონს და აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონს.
მე და სალომე ზურაბიშვილმა გავცვალეთ შეხედულებები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს პრეზიდენტს კვიპროსის რესპუბლიკის აბსოლუტური მხარდაჭერა, რაც შეეხება თბილისისა და ბრიუსელის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას. გვქონდა საშუალება მეცნობებინა ქალბატონი პრეზიდენტისთვის კვიპროსის პრობლემის უახლესი განვითარების შესახებ და თურქული მხარის სრულიად მიუღებელი მოქმედებების შესახებ, რაც მთლიანად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს და ასევე, გენერალური მდივნის გადაწყვეტილებებს. მსურს გამოვხატო მადლიერება თქვენ მიმართ კვიპროსის პრობლემის მხარდაჭერისთვის, რადგან საქართველოს მხრიდან ვხედავთ მუდმივ მხარდაჭერას და ასევე, კვიპროსი ყოველთვის მხარს დაუჭერს, რაც ეხება თქვენს ეროვნულ პრობლემას“, – განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.