თბილისის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეები, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები აირჩიეს

თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები აირჩიეს. გიორგი ალიბეგაშვილის მოადგილეების პოსტები ხმათა უმრავლესობით გიორგი ახვლედიანმა და მალხაზ მჭედლიშვილმა დაიკავეს. სხდომაზე დეპუტატებმა “ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის’’ გაუქმებასა და “საერთაშორისო ურთიერთობებისა’’ და “ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიების’’ გაერთინებაზეც იმსჯელეს, რის შედეგადაც დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში შემავალი 13 კომისიიდან მუშაობას მხოლოდ 11 განაგრძობს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განმარტა, წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეს ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა და სტატუსი, ახალი კი უმრავლესობის ხედვა ასეთია – რამდენადაც ”ქართულმა ოცნებამ” დედაქალაქის პრობლემების მოგვარებაზე აიღო პასუხისმგებლობა, ეს ხედვა უნდა განხორციელდეს და, ბუნებრივია, რომ თავმჯდომარის მოადგილეები არჩეულნი იქნებოდნენ კოალიცია ”ქართული ოცნებიდან”. მისივე თქმით, თითოეულ კომისიას ჰყავს დეპუტატთა გარკვეული რაოდენობა ოპოზიციდან და უმრავლესობიდან, ასე რომ დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს ნებისმიერი კომისიის მუშაობა გამჭვირვალე იქნება.
დღესვე კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით, კომისიები შემდეგნაირად გადანაწილდა: სარევიზიო კომისია – ნუგზარ მალაღურაძე; იურიდიულ საკითხთა კომისია – თევდორე კობახიძე; ქონების მართისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია – ჯაბა სამუშია; ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია – გოჩა ბაბუნაშვილი; ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია – ირაკლი ფავლენიშვილი; ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია – ლევან დარახველიძე; სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია – ქეთევან ჯოხაძე; ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისია – გულიკო ზუმბაძე; გარემოს დაცვის კომისია – შორენა ბუხრაშვილი; განათლებისა და კულტურის კომისია – თამარ ტალიაშვილი; სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია – ლია ჯახველაძე. დღესვე მოხდა კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების არჩევაც.დეპუტატების გადაწყვეტილებით, საკრებულოში 9 ფრაქცია ჩამოყალიბდა, რომლებიც შემდეგნაირად გადანაწილდა: ფრაქცია ” ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ – ხათუნა სამნიძე;ფრაქცია “ქართული ოცნება – საქართველოსთვის“ – რამინა ბერაძე;ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორები“ – ნინო გოგუაძე;ფრაქცია ” ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი“ – ავთანდილ დავითაძე; ფრაქცია ” ქართული ოცნება – მრეწველები“ – ვლადიმერ ძნელაძე;ფრაქცია ” ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ – გიორგი მუსხელიშვილი; ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობა – თბილისი“ – ირაკლი აბესაძე; ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – სევდია უგრეხელიძე;ფრაქცია ” დემოკრატიული მოძრაობა“ – ზაზა ვეკუა.
ახალ საკრებულოში კოალიცია “ქართულ ოცნებას” პროპორციული სიით 13, ხოლო მაჟორიტარული სიით 24 წევრი ჰყავს, “ნაციონალურ მოძრაობას” – 7, ნინო ბურჯანაძის პარტიას – 3 და “დავით თარხან მოურავი – პატრიოტთა ალიანსს” 2 წევრი. კიდევ ერთი წევრი, ალეკო ელისაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს სხდომა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენელის ირაკლი აბესაძის თქმით, მათთვის მიუღებელია, რომ საკრებულოს წევრს სწორედ საკრებულოს სხდომის დღეებში დასაკითხად იბარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები