ყველა ადამიანს და ყველა ჯგუფს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი ფორმით – თუ ეს გასცდება კანონის ფარგლებს, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო და არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩვენ არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მიეცემა რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალება.
„რაც შეეხება დესტრუქციულ ოპოზიციას, ჩვენ რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ მათთვის ძალიან მძიმე იყო მორიგი მარცხი. ის, რომ, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა რვაჯერ გეტყვის უარს არჩევნების გზით, დაგამარცხებს მმართველი ძალა, აქედან მე ვფიქრობ, რაღაც დასკვნა უნდ გამოიტანოს გონიერმა ადამიანმა და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა. რა შეხება მათ დესტრუქციულ გეგმებს, ჩვენ კარგად ვიცით და ამს თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გააკეთა დეტალური განმარტებაც, ბრიფინგიც, იმ დოზით, რა დოზითაც შესაძლებელი იყო საზოგადოების ინფორმირება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარი სააკაშვილის გეგმები არის აბსოლუტურად რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი. თითოეული მისი ეს გეგმა დაა მოწოდება, რომელიც მისგან მომდინარეობს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ ამის თაობაზე დეტალური ინფორმაცია გვაქვს და ჩვენს სამსახურებს ამის თაობაზე სრული ინფორმაცია აქვს. ამ არჩევნებით ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო გაძლიერდა.
ჩვენ არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ყველა ადამიანს და ყველა ჯგუფს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს რა თქმა უნდა, აქვთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი ფორმით. თუ ეს გასცდება კანონის ფარგლებს, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო და არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ქმედება და მცდელობა, დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან შემოტანილი, რაიმე ნებისმიერი დესტრუქციისა და პროვოკაციის, იქნება აღკვეთილი და ყველა იქნება სამაგალითოდ დასჯილი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.