სადაზვერვო დანაყოფების გადამზადების კურსი დასრულდა
რეინჯერთა მომზადების სკოლაში სადაზვერვო დანაყოფების გადამზადების კურსი დასრულდა. ტრენინგში დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების II და III მსუბუქი ქვეითი ბრიგადების სადაზვერვო ოცეულების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლება 66-მა სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო და 37-მა მათგანმა კურსი წარმატებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახურვის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების მეთაური პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და გენერალური შტაბის J2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს. სპეციალური დანიშნულების ძალების და გენერალური შტაბის J2 დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დაზვერვის კურსი 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანი სადაზვერვო ათეულებისა და ოცეულების პირადი შემადგენლობის საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება და მათი ერთიანი სტანდარტებით მომზადება იყო. სამთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ჯარისკაცებმა ინდივიდუალური, ათეულის და ოცეულის მომზადების უნარ-ჩვევები განავითარეს; შეისწავლეს ნავიგაცია, სპეციალური ტაქტიკა, კავშირგაბმულობა, საცეცხლე, სამედიცინო, სამთო და საინჟინრო მომზადება. კურსი 2- კვირიანი სიტუაციური საველე სწავლებით დასრულდა.