კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე: კარგი იქნება შესაბამის სამსახურს მივმართოთ, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი

ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიურობა , – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი ტქმით, საჭიროების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფო მზად არის ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტები რას იტყვიან და რა შეფასებას გააკეთებენ. პენიტენციური დაწესებულების კლინიკა ყველანაირად მზად არის პატიმარს მომსახურება გაუწიოს, თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება. როდესაც მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხდება, მე რომ ვიყო პენიტენციური სამსახურის ადგილას, მესმის, რომ პირადი ინფორმაციაა და არ აქვთ ამის უფლება, მაგრამ იმისთვის, რომ მათ მხარდამჭერებში შემოვიტანოთ სიცხადე და სიმშვიდე, ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა.

კარგი იქნება მივმართოთ შესაბამის სამსახურს, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები