ამირან გამყრელიძე: მომხრე ვარ სავალდებულო აცრების ზოგიერთ ჯგუფში, მაგრამ რთული გადასაწყვეტია, ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული

“იცით, რომ მე მომხრე ვარ ზოგიერთ ჯგუფში სავალდებულო ვაქცინაციის. მათ შორის, ჩემს კოლეგებში, ასევე, მასწავლებლებში. მაგრამ მოგეხსენებათ, სავალდებულობის პრინციპი არ არის მარტივად გადასაწყვეტი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ საქართველოს პრეზიდენტის გუშინ გაკეთებული განცხადება პანდემიასთან ბრძოლის შესახებ შეაფასა და აღნიშნა, რომ მის მიერ გაჟღერებულ რამდენიმე პოსტულატს ეთანხმება.

“ქალბატონ პრეზიდენტს დიდი მადლობა გადავუხადე პანდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ზოგიერთი პოსტულატი მეც ხშირად გამიჟღერებია. იცით, რომ მე მომხრე ვარ ზოგიერთ ჯგუფში სავალდებულო ვაქცინაციის. მათ შორის, ჩემს კოლეგებში, ასევე, მასწავლებლებში. მაგრამ მოგეხსენებათ, სავალდებულობის პრინციპი არ არის მარტივად გადასაწყვეტი. ეს დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან. ქვეყანაში ანტივაქსერულ მოძრაობების ინტენსიურობასთან, მოსახლეობის განწყობებთან, ბევრი რამეა აქ გასათვალისწინებელი. ამიტომ მწვანე პასპორტი სხვა არაფერია, თუ არა ირიბი მანდატორიზმი. მე დარწმუნებული ვარ, მწვანე პასპორტის რიგი პოსტულატები მალე შევა ძალაში. იმიტომ, რომ ნებაყოფლობით მოვიდა 33 პროცენტი. ჩვენ რომ წამახალისებელ ღონისძიებებს კიდევ განვახორციელებთ, ამით ალბათ, კიდევ მოიმატებს გარკვეული პროცენტი. მაგრამ ყველა ქვეყანა მერე ჩერდება რაღაცა ზღურბლზე. რაღაც ეტაპზე, ჩვენ მეტად უნდა ვიაქტიუროთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები