ადვოკატი: სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება, ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა იქნას გადაყვანილი
“მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, მან უკვე ძალიან დიდი წონა დაკარგა, შესაბამისად, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ხალხი აქტიური იქნება, სააკაშვილი თავისუფალი იქნება.
„მიხეილ სააკაშვილმა ციხის საკნიდან, ისე, რომ სასამართლოში საზოგადოების წინაშე წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა და არც სატელეფონო ზარების განხორციელების, მოუგო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არჩევნები. დღეს არის მთავარი ამოცანა, ეს მონაპოვარი ქართველმა ხალხმა ოფიციალურად გაიფორმოს. შესაბამისად, ყველა პროტესტი, ყველა მიტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიტინგების წარმატებით დასაგვირგვინებლად აუცილებელი და საჭიროა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. თუ ხალხი აქტიური იქნება, თუ ხალხი ამ მოთხოვნებს ბოლომდე მიჰყვება და ქართველი ხალხი არ დაიღლება, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება. უკვე დიდი ხანია, ეს უნდა განხორციელებულიყო და მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, მან უკვე ძალიან დიდი წონა დაკარგა, შესაბამისად, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება. ის საჭიროებს შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში გადაყვანას“, – განაცხადა ბასილაიამ.