კობა ნაყოფია: კონსილიუმის დასკვნაც, სახალხო დამცველის განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ ციხის საავადმყოფო, რომელზეც აპელირებს ხელისუფლება, არ არის მრავალფუნქციური
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და სენაკის მერობის კანდიდატი, კობა ნაყოფია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე, მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არაადეკვატურად იქცევა.
მისივე თქმით, სააკაშვილის გადაყვანა ისეთ კლინიკაში უნდა მოხდეს, სადაც კვალიფიციური მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.
“ისინი იქცევიან არაადეკვატურად. კონსილიუმის დასკვნაც, სახალხო დამცველის განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ ციხის საავადმყოფო, რომელზეც აპელირებს ხელისუფლება, არ არის მრავალფუნქციური. იქ არ არის დანადგარები, რასაც საჭიროებს პრეზიდენტ სააკაშვილის სტაციონარში მოთავსების სტანდარტი, ეს დასკვნა ექიმებმაც დადეს, დადო სახალხო დამცველმაც. სხვა ალტერნატივა არ არის, ის უნდა იყოს გადაყვანილი ისეთ კლინიკაში, სადაც მიიღებს კვალიფიციურ მომსახურებას, ამას ალტერნატივა არ აქვს. პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილის ციხეში, საავადმყოფოში, ყველგან ეშინია, სადაც სააკაშვილი არის”, – აცხადებს კობა ნაყოფია.