დიმიტრი ხუნდაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – დიმიტრი ხუნდაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მილუშე ჰორსკასა და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე გაამახვილეს, ბუნებრივია, საუბარი პანდემიის გლობალურ პრობლემატიკასაც შეეხო.

„ჩეხეთის სენატის წარმომადგენლებთან, მათ შორის, სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, შევეხეთ ასევე ჯანდაცვის საკითხებს და ვისაუბრეთ ძირითადად სოციალურ პოლიტიკაზე. ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და შევჯერდით საერთო აზრზე, რომ სოციალურ პოლიტიკას სჭირდება ახლებური ხედვა – სჯობს, ის იყოს სისტემური, ვიდრე სიმპტომური დამოკიდებულების და ის, რომ სოციალური მიმართულებების გაჯანსაღება მხოლოდ დახმარებებით შეუძლებელია და აუცილებელია, ხელი შეეწყოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, შესაბამისად, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა დასაქმების კუთხით გაუმჯობესდეს.

დახმარების პროგრამები, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მიზნობრივი, უფრო მეტად ეფექტური უნდა იყოს. შევთანხმდით ასევე ჩვენს სტუმრობაზე ჩეხეთის სენატში, რომ საკუთარი გამოცდილება სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლებს გავაცნოთ და ერთად დავგეგმოთ ხვალინდელი დღე”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ვლადიმერ კახაძე, კომიტეტის წევრი – ზაზა ლომინაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები