“არცერთი სკოლა მერხების გარეშე არ დარჩენილა” – განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს – ე.წ. ფეიკ ნიუსს იმასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე სკოლა მერხებისა და სკამების გარეშე დარჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
“სიუჟეტში საუბარია იმაზე, თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტენდერში გაამარჯვებინა კომპანიას, რომელიც შავ სიაში მოხვდა. სიუჟეტის მონაწილე რესპონდენტები კი საუბრობენ გარიგების კვალსა და კორუფციულ ინტერესებზე, რის გამოც ბიუჯეტმა თითქოს 2 მილიონით იზარალა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცალსახად აცხადებს, რომ აღნიშნული სიუჟეტი არის ტიპიური ფეიკ ნიუსი და მას სიმართლესთან მხოლოდ ის აკავშირებს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მართლაც მოხვდა შავ სიაში, ოღონდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტენდერი მოიგო. სამინისტრო აცხადებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად ბიუჯეტს არცერთი თეთრით არ უზარალია და არცერთი სკოლა არ დარჩენილა მერხების ან სკამების გარეშე.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2021 წლის 12 იანვარს გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერი სასკოლო მერხებისა და სკამების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, რომლის ფარგლებში, 2021 წლის 5 მარტს გამარჯვებული შპს გამოვლინდა. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის 2021 წლის 17 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხოლო 29 ივლისს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონტრაქტორი კომპანია დარეგისტრირდა შავ სიაში. 2021 წლის 4 ოქტომბერს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერების კომისიას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და 8 ოქტომბერს ხელშეკრულება შეწყდა.
აღსანიშნავია, რომ შავ სიაში დარეგისტრირებულ კომპანიას, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში გარდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიებისა, წარმოდგენილი აქვს საავანსო საბანკო გარანტია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ავანსის სახით, წინასწარ გადარიცხული თანხის უზრუნველყოფის ღონისძიების საშუალებას. სააგენტომ წერილობით უკვე მიმართა გარანტორებს და მოითხოვა როგორც ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის, ასევე საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხების ბენეფიციარისთვის გადარიცხვა.
ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფეიკ ნიუსის გავრცელება ცალსახად წარმოადგენს რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაციის – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დისკრედიტაციის მცდელობას,”- აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.