ხავიერ კოლომინა: საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მიმართულებით და მინდა ამისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ

საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში არსებული პერსპექტივები. მე გუშინ ვიყავი აზერბაიჯანში და ხვალ მივემგზავრები სომხეთის დედაქალაქ ერევანში. ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი. მე მადლობა გადავუხადე მინისტრს საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ ინიციატივისთვის. საქართველო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მიმართულებით და მინდა ამისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა კოლომინამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ გამოწვევებს უსაფრთხოების კუთხით.

„საქართველო და ნატო შეშფოთებულნი არიან რუსეთის საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკით. ამ რეგიონში, რუსეთი ხშირად იყენებს ძალის გამოყენების მუქარას და საფრთხეს უქმნის სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში, მაგალითად უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“, – აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. ის ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები