მაკა ბოჭორიშვილი: რომ არ შეგვრცხვეს ჩვენი შვილების, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპული სტანდარტით პოლიტიკოსობა არ ნიშნავს კანონის წინაშე იმუნიტეტის ქონას და კანონებს არ არგებენ ერთეულ პოლიტიკოსებს
“როგორც საქართველოს ამაყ მოქალაქეს, არ მაქვს სურვილი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტები ან სახელმწიფო მოხელეები მოღვაწეობის შემდეგ იქ ხვდებოდნენ, სადაც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ევროპული სტანდარტით პოლიტიკოსობა არ ნიშნავს კანონის წინაშე იმუნიტეტის ქონას.
“მსურს, გამოვეხმაურო ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების სახელზე მომზადებულ მიმართვას, რომელსაც სხვა ყოფილ სახელმწიფო მოხელეებთან ერთად ევროპარლამენტის რამდენიმე ამჟამინდელი წევრიც აწერს ხელს, რომელიც გამოხატავს პირადი ურთიერთობების საფუძველზე შექმნილ სუბიექტურ მოსაზრებას საქართველოსთან მიმართებით. როგორც საქართველოს ამაყ მოქალაქეს, არ მაქვს სურვილი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტები ან სახელმწიფო მოხელეები მოღვაწეობის შემდეგ იქ ხვდებოდნენ სადაც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ თავი აარიდოს ორმაგი სტანდარტების დანერგვას და ვიხელმძღვანელოთ სწორედ იმ ევროპული სტანდარტით, რომლისკენაც ასე მივისწრაფით. შემდეგ რომ არ შეგვრცხვეს ჩვენი შვილების უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სტანდარტით პოლიტიკოსობა არ ნიშნავს კანონის წინაშე იმუნიტეტის ქონას და კანონებს არ არგებენ ერთეულ პოლიტიკოსებს. მიმაჩნია რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება დემოკრატიის სტანდარტების ერთგულება, რაც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს სამართლის უზენაესობასა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობას. ამ მოსაზრებას იზიარებს ევროპელი პოლიტიკოსების უმეტესობა, რომელთათვისაც ევროპული ფასეულობები ევროკავშირის მთავარი საფუძველი და ძალაა”, – აცხადებს ბოჭორიშვილი.