ბათუმის მერია: მოსახლეობის დროებით გაყვანას კავშირი არ აქვს 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე შენობის ნგრევასთან

ბათუმის მერია ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან ოჯახების ევაკუაციის მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „კვირა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე არსებული კორპუსიდან გუშინ, გვიან ღამით მოსახლეობის გამოყვანა განხორციელდა. 40-მდე ოჯახი დროებით სასტუმროშია გადანაწილებული. გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარეა მიღებული.

ამასთან დაკავშირებით, გვინდა განვმარტოთ, რომ ქალაქ ბათუმის მერიის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მისამართზე 2021 წლის 28 აპრილს გაიცა პირველი კლასის შეთანხმება, არსებული ფანჯრების ნაცვლად ვიტრაჟის მოწყობის თაობაზე.

2021 წლის 27 მაისს გაიცა ნებართვა ეზოს მხრიდან, ფასადის რეკონსტრუქციაზე. ორივე ნებართვის მისაღებად წარმოდგენილია ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს მუნიციპალური ინსპექციის მიერ ჩატარდა მიმდინარე სამუშაოების ინსპექტირება ნებართვასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილია 27 მაისს გაცემული ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების დარღვევა – მზიდ კედელზე სამუშაოების ჩატარება და შიდა ფართის გაზრდა. 14 ოქტომბერს გაიცა წერილობითი მითითება და დაწყებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ მოსახლეობის დროებით გაყვანას კავშირი არ აქვს 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე შენობის ნგრევასთან და წარმოადგენს დამოუკიდებელ სამშენებლო სამართალდარღვევას. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, რის შემდეგაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება და ზომები, რათა იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ განაგრძოს უსაფრთხო პირობებში ცხოვრება“, – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები