მიხეილ სააკაშვილი: ქვეყნისთვის აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ
“ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს გააცნო.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, კიდევ ერთი რევანში და შურისძიება საზოგადოებას მორალურად გაანადგურებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება, ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ, პირველ ყოვლისა, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ”, – ნათქვამია მიმართვაში.