ვახტანგ ჭარაია: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველო არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო მასშტაბით მომდევნო 5 წლის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ლიდერად დაასახელა

“მომდევნო 5 წლის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ფლაგმანად საერთაშორისო სავალუტო ფონდი არამხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც საქართველოს გამოყოფს. კერძოდ, 2021-2026 წლებში საქართველო ევროპისა და აზიის კონტინენტზე ეკონომიკური ზრდის პარამეტრით წამყვან ხუთეულში იქნება წარმოდგენილი და მისი ეკონომიკა 40%-ით გაიზრდება. ცნობისთვის, ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე – დომინანტური ჩინური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი“, – ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ვახტანგ ჭარაია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშს, სადაც წარმოდგენილია 2021-2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მსოფლიოს 200-მდე ქვეყანასა და ეკონომიკაში.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით 2024 წელს 6 000 აშშ დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის კი 7 500 აშშ დოლარს მიაღწევს.

„მართალია, აღნიშნული პროგნოზი გარკვეულ დაშვებებს ეყრდნობა, მათ შორის, კოვიდპანდემიასთან მიმართებით, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს სწრაფი რეაგირების და ადაპტაციის უნარებს უფასებს და პატივს სცემს. საბოლოოდ,  ნებისმიერ წარმატებას ესა თუ ის ქვეყანა თავისი ერთიანობით, პრაგმატიზმითა და შრომისუნარიანობით აღწევს, ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის შედეგად ეკონომიკურ გამოწვევასთან ბრძოლა, რეფორმების განგრძობადობა და პოსტ-კოვიდური ეკონომიკის მშენებლობა მთელი ქვეყნის საზრუნავია და არა – მისი ცალკეული ჯგუფების“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები