პოლონეთის პრემიერმა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შესახებ მოსაზრებებს “სიცრუე” უწოდა
პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ქვეყნის მთავრობას არ სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირიდან გავიდეს. მატეუშმა ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ მან ბუდაპეშტში, “ვიშეგრადის ოთხეულის” სამიტზე თქვა.
“ჩვენი პატივცემული ოპოზიცია ცდილობს, დაგვადანაშაულოს იმაში, რომ ჩვენ ვცდილობთ პოლონეთისა და ევროკავშირის დასუსტებას ევროკავშირის დატოვებით. ეს არამხოლოდ ყალბი ამბებია, ეს უარესია. ეს არის სიცრუე, რომელიც საჭიროა ევროკავშირის დასუსტებისთვის”, – თქვა მორავიცკიმ.
მისი თქმით, ”ეს არის სიცრუე, რომელიც ემყარება მცდარ წარმოდგენას, რომ ხალხს არ შეუძლია, წაიკითხოს სხვა წევრი სახელმწიფოების საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან ჰგავდა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას”.
უქმეებზე პოლონეთის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირთან დადებულ შეთანხმებაში არსებობს გარკვეული მუხლები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციასთან არის შეუთავსებელი.
ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა კი განაცხადეს, რომ ქვეყნის მთავრობა ევროკავშირიდან გასვლის გზას დაადგა.