ბორელი: უკრაინა ევროკავშირს უკვე ძალიან მიუახლოვდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინა ძალიან ახლოს არის ევროკავშირთან – გეოგრაფიითა და კულტურით დაწყებული, მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებით დამთავრებული.
ამის შესახებ დიპლომატმა “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში თქვა.
“უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან, დაწყებული გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვით და დამთავრებული ჩვენი ახლო კავშირებით, კერძოდ, ასოცირების შეთანხმებით. უკრაინის ევროპული მისწრაფებები და მისი ევროპული არჩევანი აღიარებულია და მისასალმებელია ევროკავშირის მიერ. ეს ასევე დასტურდება დეკლარაციაში, რომელიც მიღებულია 2017 წლის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ბოლოს”, – თქვა ბორელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირსა და უკრაინას აქვთ სურვილი, გააძლიერონ პოლიტიკური კავშირები და ეკონომიკური ინტეგრაცია ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით.
“რეფორმისა და დაახლოების პროცესისკენ სვლა არის საუკეთესო ინსტრუმენტი ამ მიზნის მისაღწევად”, – თქვა დიპლომატმა.