„გილგამეშის ეპოსი – შუამდინარული ტრადიცია და ქართული „გილგამეშიანი” – ნინო სამსონიას ლექცია
14 ოქტომბერს, 17:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა აღმოსავლეთმცოდნე ნინო სამსონიასთან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება პროექტ „ღია ლექციის“ ფარგლებში. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ყველა მსურველს, ვინც გაივლის წინასწარ რეგისტრაციას.
ნინო სამსონია: „გილგამეშის ეპოსის მთავარი მოქმედი გმირია შუმერის მეფეთაგან მითოსური შეფერილობით გამორჩეული ქ. ურუქის მეფე გილგამეში. წერილობითი ცნობებისა და გადმოცემების მიხედვით, იგი დაახლოებით ძვ.წ. 28-27-ე საუკუნეებში მართავდა ერთ-ერთ ცნობილ შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოს ურუქს. ეს ის ურუქია (მდებარეობდა დღევანდელი ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერაყის თანამედროვე დასახლების ვარქას ადგილას), რომლის მაცხოვრებლებს შუმერული ტრადიცია მიაწერს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ადრე, ძვ.წ. ჳვ ათასწლეულის შუა ხანებში შექმნილი ლურსმული დამწერლობის გამოგონებას.
მესამე ათასწლეულის პირველ ნახევარში ურუქში ჩამოყალიბდა ძლიერი ლიტერატურული სკოლაც, რომლის წარმომადგენელთა წრეში სხვა არაერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებთან ერთად შეიქმნა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო შედევრი „გილგამეშიანიც”. ასე მოვიხსენიებთ დღეს ჩვენ სიცოცხლე-სიკვდილის სამარადჟამო საკითხავისადმი მიძღვნილ იმ ვრცელ ეპოსს, რომლის მთავარი მოქმედი გმირია გარდაცვალებისთანავე ლამაზ ლეგენდებში გახვეული მეფე ქალაქ ურუქისა, რომელიც, შუმერის მეფეთა სიის ცნობით, თითქოს 126 წლის მანძილზე სახელოვნად მართავდა საკუთარ ქალაქ-სახელმწიფოს.
ლექციაში აგრეთვე მიმოვიხილავთ „გილგამეშიანის” მიხეილ წერეთლის მიერ შესრლებულ თარგმანს, რომელიც, მთარგმნელის სიტყვებით რომ ვთქვათ, „სიტყვასიტყვით მისდევს” ამ ეპოსის ლურსმული ტექსტის პ. ჰაუპტისეულ გამოცემას, რაც სანდოობას მატებს აქადურ ორიგინალთან ქართული ტექსტის სიახლოვის უეჭველობას“.
შეხვედრაზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია ბმულზე: https://cutt.ly/UEdQD6Q
მისამართი: თ. იოსებიძის #57.