„ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა, 99 %-ის სიზუსტით, მზიდი კედლის გამოცლის გამო იყო გამოწვეული“ – არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი
„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, არქიტექტორ ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა, 99 % -ის სიზუსტით, მზიდი კედლის გამოცლით იყო გამოწვეული.
ამის შესახებ როსტომაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„პირველივე დღეს, როცა გაწმენდითი სამუშაოები მიდიოდა, მაშინვე ერთერთი ტელევიზიის ეთერში დავაფიქსირე, რომ მომხდარის მიზეზი მზიდი კედლის გამოცლა იქნებეოდა. თავად ნგრევა ისე დაიწყო და ისე მიდიოდა, დაწოლა მოხდა პირველ და მეორე სართულზე, გადახურვის ფილებს შორის, პირველი სართულის ბათქაშიც კი გამოინგრა. ეს 99 %-ის სიზუსტით, პირველი სართულის ან სარდაფის შუა ნაწილში მზიდი კედლის გამოცლის გამო იყო გამოწვეული იყო. ეს ცალსახაა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.
რომ ავიღოთ საცხოვრებელი ფონდი და მერიის თანამშრომლების რაოდენობა, აქ აბსოლუტურად დისპროპორციაა. ვერც შეძლებენ მერიის, ზედამხედველობის თანამშრომლები გააკონტროლონ ყველა ბინა, ვის რა მოუვიდა თავში და ვინ რა სამუშაოს ასრულებს. ამასთან, მეორე საკითხია: თუ მოსახლეობიდან იყო მიმართვა, რომ სამუშობი მიდიოდა, ხმაური იყო თუ დოკუმენტურად მიმართეს, მაშინ ცხადია, ის სამსახურია პასუხისმგებელი, ვინც დროული რეაგირება არ მოხდინა.
არასწორი ინფორმაციაა, რომ საჯარო რეესტრმა ნებართვა არ გასცა. ეს საჯარო რეესტრს არ ეხება. საჯარო რეესტრი არეგისტრირებს ნასყიდობის დოკუმენტს, კერძო საკუთრებას და ა.შ. რაც მოვისმინე ტელევზორში, თანაც – არასპეციალისტის მიერ ნათქვამი, დაახლოებით შემიძლია, ვისაუბრო, მანდ ასეთი რაღაც იყო: მფლობელს პირველი სართული ჰქონდა ნაყიდი და სარდაფს ირეგისტრირებდა. საჯარო რეესტრში ეს განაცხადი შევიდა და უწყებამ ეს დაახარვეზა, აბსოლუტურად სწორად მოიქცა.
რაც მოხდა იმაში, 100 %-ით მე საქართველოს 4 მილიონ მოქალაქეს ვადანაშაულებ. ყველა ჩვენგანი პასუხისმგებელბი ვართ. სანამ ამას არ გავიაზრებთ, არაფერი გვეშველება“, – განაცხადა როსტომაშვილმა.
შეგახსენებთ, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თამუნა შეყილაძე