ლიეტუვის ზარაფხანის ტენდერში ქართულმა პროექტმა გაიმარჯვა
ახალი საკოლექციო მონეტა, რომელიც ლიეტუვის ზარაფხანაში ამ დღეებში მოიჭრა, საქართველოს პოპულარიზაციას ნამდვილად ღირებულ სამსახურს გაუწევს. უაღრესად სასიამოვნო სიახლეა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკა ახალი ზელანდიის ერთდოლარიანი მონეტის რევერსზე გამოჩნდა.
წლეულს ლიეტუვის ზარაფხანამ ახალ მონეტებზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა და ფოტოგრაფმა ივა ჯანეზაშვილმა. მის მიერ შეთავაზებულმა გრაფიკულმა დიზაინმა გამარჯვება მოიპოვა და მალე მოიჭრებოდა კიდეც. თუმცა მცირე დროში გამარჯვებულმა პროექტმა, ავტორის ინიციატივით, კარდინალური ცვლილება განიცადა.
ივა ჯანეზაშვილი დაუკავშირდა ზარაფხანას კრეატულ სამსახურს, მადლობა გადაუხადა, რომ მისი დიზაინი გამოარჩიეს და გამარჯვებულად აღიარეს. ამასთან ერთად, აუწყათ ისიც, რომ მას ჰქონდა დამოუკიდებელი იდეა, კერძოდ, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე არსებული მონეტის პროექტი და თუ შესაძლებელი იყო მისით ჩანაცვლება?!
ზარაფხანა უმალ დაინტერესდა ამ ორიგინალური იდეით და მოითხოვა პროექტის გაგზავანა. როგორც გამოირკვა, მათ იმდენად მოეწონათ ეს აზრი და ისე მოიხიბლნენ ახალი მონეტის იკონოგრაფიით, რომ დაუშვეს ამგვარი გამონაკლისი და გადაწყვიტეს, ახალზელანდიულ ერთდოლარიან მონეტაზე „ვეფხისტყაოსნის“ სერია დაემტკიცებინათ.
ამჯერად დღის სინათლე იხილა ამ სერიის პირველმა მონეტამ, რომლის რევერსზეც „თინათინის მეფედ კურთხევა“ არის გამოსახული. ვერცხლის საკოლექციო მონეტას (რომლის წონა 31.1 გრამია, დიამეტრი 40 მილიმეტრი და რაოდენობა 1000 ერთეულს შეადგენს) ანტიკური დაძველებული ვიზუალი აქვს და ღრმა რელიეფის ტექნიკით არის შესრულებული.
ახალზელანდიური ერთდოლარიანი მონეტის ავერსზე, ტრადიციულად, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის პორტრეტია გამოსახული (რადგანაც ახალი ზელანდია The Commonwealth of Nations-ის სახელმწიფოებში შედის), რომელსაც ამ ვერსიაში ქართული აქცენტიც დაემატა. კერძოდ, წინამდებარე მონეტის არშიაზე დატანილია ქართული თაღის ჩუქურთმის მოტივი, მხატვარ მამუკა მიქელაძის ილუსტრაციიდან.
ვულოცავთ საკოლექციო მონეტის გრაფიკული დიზაინის ავტორს ივა ჯანეზაშვილს და მხატვარ-ილუსტრატორ მამუკა მიქელაძეს ამ პროექტის აღიარებას და წარმატებით გასრულებას. სერიის პირველი მონეტა უკვე არსებობს და მისი შეძენა შეუძლიათ დაინტერესებულ კოლექციონერებს. ამ ულამაზესი მონეტის მხილველი უმალ დარწმუნდება, თუ რამდენად ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა ორ უნიჭიერეს ავტორს შორის და როგორი გაუნელებელი ინტერესით უნდა დაველოდოთ აღნიშნული სერიის მომდევნო მონეტებს.
დარწმუნებული ვარ, მამუკა მიქელაძის, გამოჩენილი ქართველი ფერმწერისა და ფრესკული მხატვრობის აღიარებული ოსტატის, იკონოგრაფია, ამ ჟანრშიც თავის წონიან სათქმელს იტყვის. გასახარია, რომ „ვეფხისტყაოსანმა“ ნუმიზმატიკაშიც ჰპოვა ადგილი და ამიერიდან ქართული კულტურის წარმოჩენას ამ ფორმითაც შეძლებს.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან