ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი: ბოლო 20 წლის განმავლობაში კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე აცხადებს, რომ ბათუმში, იმ კორპუსში, რომელიც დღეს 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა. როგორც სურმანიძე განმარტავს, ბათუმის მერიაში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 2017 წელს გაიცა ლიფტის მიშენების ნებართვა, რომელიც შენობას გარედან აქვს მიდგმული.

“2016 წლიდან გაცემული ნებართვების შესახებ არსებობს მერიაში რეესტრი, არანაირი ნებართვა არ გაცემულა დაშენებაზე. ეს შენობა, როგორც არქიტექტორები აცხადებენ,  დაშენებული არის, დაახლოებით, 20 წლის წინ. იმის თაობაზე, ნებართვით იყო თუ უნებართვოდ მერიაში, ჩვენთან არსებული დოკუმენტაცია არ მოიძებნება, ამის გარკვევა სჭირდება,  მოძებნა ცენტრალურ არქივში იმიტომ, რომ 20 წლის წინანდელი ნებართვების შესახებ მერიაში არ არსებობს ინფორმაცია.
რაც შეეხება ლიფტს, ლიფტზე არის გაცემული ნებართვა 2017 წელს. ლიფტი არის მსუბუქი კონტრუქცია და იყო მიდგმული შენობის გარედან”, – აცხადებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

შეგახსენებთ, ბათუმში დღეს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები