ივანე ჩხაიძე: შესაძლებელია, რისკჯგუფში მყოფი 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერით“ დავიწყოთ
“ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ დავიწყოთ რისკის ჯგუფში მყოფი 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერით“’, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი დაავადებები, ნერვული სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიები ან ქრონიკული დაავადებები.
„12-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ მაისში გადადგა. ისინი ემზადებოდნენ სწავლის დაწყებისთვის, რათა მათ ბავშვებთან ყოფილიყო მაქსიმალურად შემცირებული ინფიცირების რისკი. აშშ „ფაიზერის“ ვაქცინის კლინიკური კვლევების შედეგებს უკვე აგზავნის და ამ კვლევებში წერია, რომ 5-12 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხოა. აშშ მალე შეიტანს განაცხადს ამ ასაკობრივი კატეგორიის ვაქცინაციის თანხმობაზე. ისინი ელოდებიან, რომ ეს თანხმობა წლის ბოლომდე იქნება მიღებული. წლის ბოლომდე ამ ორივე ასაკობრივ ჯგუფში დაწყებული იქნება ვაქცინაცია. იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება განხილული ეს საკითხები. ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ დავიწყოთ რისკის ჯგუფში მყოფი 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერით“. ეს არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი დაავადებები, ნერვული სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიები ან ქრონიკული დაავადებები“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.