პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტი საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მთავრობამ 1-ელ ოქტომბერს გადასცა საკანონმდებლო უწყებას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეიმუშავა გრაფიკი, რომლის მიხედვით ბიუჯეტი კომიტეტებმა უნდა განიხილონ.
როგორც ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, მთავრობამ ბიუჯეტის პროექტი განსაზღვრულ ვადებში გადასცა პარლამენტს.
ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია 1 300 გვერდზეა გაწერილი. ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 4, 4%-იან ზრდაზე.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ 6,9% დეფიციტით ვმუშაობთ და ეს დეფიციტი 4,4%-მდე ჩამოვა. 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 18 400 000 000 ლარზე მეტი. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა 20-25 ლარით, გამომდინარე იქიდან, 70 წლამდე არის თუ 70 წლის ზევით პენსიონერის ასაკი. გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასები ზრდა და სხვადასხვა ტიპის შეღავათები. საკმაოდ კარგი და დაბალანსებული ვერსიაა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე ინფორმაციით, გრაფიკით წარმოდგენილი განსაზღვრული საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერს გაიმართება. ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.