ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბულგარეთიდან ჟურნალისტებს მასპინძლობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ბულგარეთის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების, გამოცემებისა და საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორები და ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ.
„საქართველო ბულგარეთიდან მასპინძლობს მაღალრეიტინგული ტელევიზიების, ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს. ძირითადი აქცენტი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გაკეთდება, მომზადდება სიუჟეტები და სტატიები, რომელიც ბულგარეთში სხვადასხვა არხისა და გამოცემის საშუალებით გავრცელდება“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი.
ტურის მონაწილეებს შორისაა საერთაშორისო ჟურნალის Vagabond-ის ბულგარული გამოცემის რედაქტორი – ენტონი გეორგიევი. პრესტურის მიზანი ბულგარეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.
„პირველ ყოვლისა, გეტყვით, რომ საქართველოში 6 ან 7 წლის წინაც ვიყავი და ბევრი ადგილი ვნახე, მაგრამ დღეს თბილისით გაოცებული ვარ, ძალიან შეცვლილა, უფრო ლამაზია, ბევრი რამ განახლდა და ვფიქრობ, ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია ევროპაში. რა თქმა უნდა, თბილისი უსაფრთხო ქალაქია, ისევე როგორც სხვა ადგილები საქართველოში“, – განაცხადა ენტონი გეორგიევმა, ჟურნალ Vagabond-ის რედაქტორმა.
5-დღიანი ტურის ფარგლებში, ბულგარელი ჟურნალისტები თბილისს, უფლისციხეს, ახალციხეს, საფარას მონასტერს, ვარძიას, ფოკასა და სამცხე-ჯავახეთის სხვა ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებს მოინახულებენ.
„საქართველოში პირველად არ ვარ, 20 წლის წინ ვიყავი, ახლა ყველაფერი შეცვლილია, ძალიან მოვიხიბლე თბილისით, აქ ვნახე ძალიან მეგობრული, მოღიმარი ხალხი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბულგარელი ტურისტული ეწვევა საქართველოს, როგორც კი დაინიშნება პირდაპირი ავიარეისი. პანდემიის მიუხედავად ვფიქრობ საქართველო უსაფრთხოა, ყველა ატარებს ნიღაბს, საზღვარზე ამოწმებენ ვაქცინირებათა საბუთებს და მათ ვისაც PCR-ტესტი აქვს გაკეთებული“, – აცხადებს ტურის მონაწილე ტელეწამყვანი, მაგდალენა გიგოვა.
ტურის დასრულების შემდეგ, ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს ტურიზმის, კულტურის, ისტორიული ძეგლებისა და ბუნების შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც ბულგარეთში ათიათასობით ტელემაყურებელი და მკითხველი გაეცნობა.