დანაღმული ველები და შეწყვეტილი სიცოცხლე გაგრძელების მოლოდინში – “კვირას” რეპორტაჟი ყარაბაღიდან

“გასეირნება ყარაბაღში” – ამ სიტყვებზე ყველას აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების არაჩვეულებრივი ნაწარმოები და მასზე დაყრდნობით გადაღებული ტრილოგია გვახსენდება, თუმცა, ახლა ამაზე არ გიყვებით. ჩემი “გასეირნება” სრულიად უსაფრთხო, ინფორმატიული და, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო. „დაგასპოლერებთ“ და გეტყვით, რომ აქ აუცილებლად იპოვით თქვენს წილ აზერბაიჯანს.

პირველი შთაბეჭდილება? – აზერბაიჯანში ქართველები უყვართ. ამ 3 დღის განმავლობაში ერთი რამ ყველაზე ცხადად დავინახე – უთხარი აზერბაიჯანელს, რომ საქართველოდან ხარ და ერთგულ მეგობარს შეიძენ. დახმარება გინდა და ენაა ბარიერი? – ამ დროს იმპროვიზაცია ირთვება და აქაურები კეთილი გულითა და ყველა შესაძლო ხერხით ცდილობენ, დაბნეული ტურისტი „სწორ გზაზე დააყენონ“. ბაქოში ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. მათი სტუმართმოყვარეობა და კეთილი განწყობები, ალბათ, კიდევ დიდ ხანს გამყვება სასიამოვნო მოგონებად.
როგორ დაიწყო ყველაფერი? – 20 სექტემბერს ქართველი ჟურნალისტები და ბლოგერები, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და კომპანია SOCAR-ის ორგანიზებით, აზერბაიჯანში აღმოვჩნდით. მარშრუტი: ბაქო-ყარაბაღი-განჯა.
მოკლედ აზერბაიჯანზე – ის პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, საქართველოს მსგავსი უახლესი წარსულით, რომელიც მუდმივად განვითარებისკენ ისწრაფვის. აქ წარმოუდგენელი სიჩქარითა და მაღალი ხარისხით წესრიგდება ინფრასტრუქტურა, იზრდება ქვეყნის ეკონომიკა და, რაც მთავარია, აზერბაიჯანელებმა დაამარცხეს ოკუპაცია და დაიბრუნეს, აგერ უკვე 28 წლის წინ დაკარგული ტერიტორია – ყარაბაღის რეგიონი.

ბაქო
ბაქო თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ნაზავია, რაც მას საინტერესო ქალაქად აქცევს. მოდური ნაგებობები იდეალურად ერწყმის საუკუნეების წინ აშენებულ, ისტორიად ქცეულ შენობებსა და კოშკებს.
ჩასვლისთანავე გვიმასპინძლა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საქმეებში – ჰიკმეთ გაჯიევმა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთანამშომლობასა და მეგობრობაზე, რომელიც აგერ უკვე ათწლეულებია, გრძელდება.
ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რა თქმა უნდა, ბაქოს სავიზიტო ბარათად წოდებულმა – ქალწულის კოშკმა მოახდინა, რომელიც ქალაქის ძველ, ისტორიულ ნაწილში, ანუ იჩერი-შეჰერიში მდებარეობს.
არ შეიძლება, არ აღინიშნოს “სამხედრო ალაფის მუზეუმიც”, სადაც ყარაბაღის ომის დროს მოპოვებული საომარი აღჭურვილობა, ტექნიკა და სხვა სამხედრო ნივთებია წარმოდგენილი.
ღამის ბაქოს სრულიად სხვა სილამაზე და ხიბლი აქვს. განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც რამდენიმე კოლეგა, სასტუმროს ძებნაში, ერთად იკარგებით ქალაქის ვიწრო ქუჩებში. ამ დროს ნათლად დაინახავ, რამდენი საერთო აქვს ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ორ ერს.
გამთენიისას გეზი ყარაბაღისკენ ავიღეთ.

ყარაბაღი
ომის შემდეგ ერთი წლის თავზე, რა თქმა უნდა, ჯერ ისევ ოკუპაციის შედეგებს ებრძვიან. თუმცა, პირველი, რაც ადამიანს ყარაბაღში შესვლისას თვალში გხვდება – სანგრებისა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილების სიმრავლეა. ეს ადგილები სრულად დანაღმულია. აქ უსაფრთხო მხოლოდ ასფალტირებული გზაა და გზიდან გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. ომის შემდეგ, ასეთ ნაღმებს მხოლოდ აღდამში 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რის გამოც ყოფილი ფრონტის ხაზის გადაკვეთის უფლებას რიგით მოქალაქეებს არ აძლევენ და თითქმის ყველა ქალაქის შესასვლელთან სპეციალური საკონტროლო-გამშვები პუნქტია მოწყობილი.
აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანში განსაკუთრებით ემადლიერებიან საქართველოს, რომლის შუამავლობითაც სომხურმა მხარემ მათ დანაღმული ველების რუკები გადასცა. თუმცა, ასეთი რუკები ყოველთვის არ არის ზუსტი. ამიტომ, როგორც საკუთარი თვალით ვნახეთ, განაღმვითი სამუშაოები უდიდესი სიფრთხილით მიმდინარეობს, რომელსაც აზერბაიჯანის მიერ ამ მიზნით შექმნილი სპეციალური სამსახური 3 ფორმით აწარმოებს: 1. უშუალოდ, განაღმვის სპეციალისტები – გამნაღმველები; 2. სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები; 3. სპეცტექნიკა.
განაღმივითი სამუშაოების სპეციალური სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ტექნიკა ყველგან ვერ მუშაობს, სპეციალისტებს კი დღეში მხოლოდ 25 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის განაღმვა შეუძლიათ. ამიტომ, ყარაბაღის ტერიტორიის დანაღმვის მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს, სავარაუდოდ, კიდევ არაერთი წელი მოუწევთ მძიმე სამუშაოს შესრულება. თუმცა, ყველაზე მეტად, რამაც ჩემზე იმოქმედა, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეზე, რომლის ტერიტორიის 20%-იც ჯერ ისევ ოკუპირებულია, იყო აზერბაიჯანელების შემართება და ენთუზიაზმი. თითოეულ აქ მომუშავეს (არამხოლოდ გამნაღმველებს) გააზრებული აქვს იმ საქმის მნიშვნელობა, რასაც ემსახურება.

ნგრევის მასშტაბები და აღდგენითი სამუშაოები
28-წლიანი ოკუპაცია უკვალოდ რომ არ ჩაივლიდა, ცხადია. თუმცა, ის, რაც ყარაბაღში დაგვხვდა, მძიმე სანახავია. ადამიანი უემოციოდ ვერ უყურებ ათასობით დანგრეულ სახლს. ყველა მათგანში, ალბათ, თაობები ცხოვრობდნენ და თავისი ისტორიაც აქვს. თუმცა, ახლა ისინი მხოლოდ ქვების გორებად არიან ქცეული. დანგრეული გზები, სრულად განადგურებული ინფრასტრუქტურა. არა – ელექტროენერგია, არა – გაზი, ფაქტობრივად, არ არსებობს კავშირგაბმულობა, არც სოფლის მეურნეობის კვალი ჩანს. აზერბაიჯანული ჰიროსიმა – ყველაზე ზუსტი შეფასებაა ამ ადგილების აღსაწერად.
6 რაიონი მოვიარეთ და აქ, თითქოს, ყარაბაღის მეორე ომამდეც შეწყვეტილი იყო სიცოცხლე.

თუმცა, 44-დღიანი ომი წელიწადია, უკვე დასრულდა, აზერბაიჯანმა დაკარგული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნა და აღდგენითი სამუშაოებიც მალევე დაიწყო. ჩვენი თვალით ვნახეთ 24-საათიანი, უწყვეტი სამუშაოები – იგება გზები, მაგისტრალები, შენდება შენობები, ნაკლებად დაზიანებულებს კი რებილიტაცია უტარდებათ, კეთდება კომუნიკაციები და ნასოფლარ ადგილებს ახლიდან უბრუნდებათ სიცოცხლის ნიშან-წყალი.
აღდგენითი სამუშაოები წინასწარ დამტკიცებული გეგმის მიხედვით ხორციელდება. მაგალითად, ფიზულის რაიონში 8 თვეში აშენდა სრულიად თანამედროვე სტანდარტების აეროპორტი და ერთ თვეში ექსპლუატაციაშიც შევა. ასევე, სულ რამდენიმე თვეში აშენდა ქალაქ შუშასთან დამაკავშირებელი 101 კმ-იანი გზა.
ამასთან, როგორც ადგილზე გვითხრეს, უკვე შედგა მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ქართული კომპანიების ჩართვის საკითხზე და ქართულმა მხარემ მზაობა გამოთქვა, აღდგენით სამუშაოებში დახმარება გაუწიოს აზერბაიჯანს. მათ შორის, აღდამის რაიონში ვენახებისა და მეღვინეობის დარგის აღდგენა იგეგმება და განსაკუთრებით ამ მიმართულებით სჭირდებათ ქართული მხარის ჩართულობა.
სამუშაოებს ადგილზე კოორდინაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ რაიონებში დანიშნული სპეციალური წარმომადგენლები უწევენ, რამდენიმე მათგანს შევხვდით კიდეც. მათი მოლოდინები იმედისმომცემია ადგილობრივებისთვის და ვარაუდობენ, რომ მალე შეძლებენ ათასობით დევნილი ოჯახის უკან, საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

შუშა
ყარაბაღის ისტორიული და კულტურული ცენტრი – ქალაქი შუშა. აქ ადრეული წლებიდან შემორჩენილია ყარაბაღის ხანის რეზიდენცია. შუშას უკავშირდება არაერთი ცნობილი აზერბაიჯანელის სახელიც – მომღერლების, მწერლების, პოეტებისა და სხვ. ალბათ, ამ მიზეზების გამოა, რომ აზერბაიჯანმა შუშა თავის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა და აღდგენის შემდეგ იგი ქალაქი-მუზეუმი იქნება, ამასთან, ადგილმდებარეობიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ტურისტული დატვირთვაც ექნება.
ჩვენ პირველი ქართული ჯგუფი ვიყავით, რომელსაც ომის შემდეგ ამ ქალაქის მონახულების საშუალება მიეცა. სხვათა შორის, სპეციალური ნებართვის აღებაა საჭირო თავად აზერბაიჯანელებისთვისაც კი.
პირველი, რაც ქალაქში შესვლისას თვალში გხვდება,  გამალებული აღდგენითი სამუშაოებია. ქალაქში უკვე არის 2 ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობებისა და სახლების აღდგენა. შენდება რესტორნები, გაყავთ კომუნიკაციები, მიმდინარეობს ისტორიული ძეგლების რესტავრაცია, მათ შორის, ცნობილი ყაზანჩეცოცის ეკლესია, რომელიც მეორე ომის დროს დაზიანდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა შუშაში გვითხრა, რომ აღდგენითი სამუშაოები 1,5-2 წელს გაგრძელდება, რის შემდეგაც დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნება შეეძლებათ.

ადამიანური ტრაგედიები
ყველა ომს კონფლიქტს საკუთარი ადამიანური ტრაგედიები აქვს, არც ყარაბაღის მეორე ომია გამონაკლისი. სწორედ ასეთი ტრაგედიებით იქმნება ისტორიებიც და, ალბათ, ისინია ის მსხვერპლი, რასაც ომის მონაწილე ყველა მხარე იღებს.. მსგავს ამბებს უემოციოდ ვერ მოისმენ. მით უფრო, მაშინ, როცა პირველად ხარ ასე ახლოს ომთან.
სტატისტიკაზე თუ შევჩერდებით, ყარაბაღის I და II ომს ორივე მხრიდან 60 000-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაახლოებით, 1,5 მილიონი ადამიანი კი დევნილად იქცა.
მაგრამ ომი ხომ სტატისტიკა არ არის. ყარაბაღში მოხვედრისას კიდევ ერთელ ფიქრდები კონფლიქტების მსხვერპლზე, ომის სისასტიკეებზე, მათ საჭიროებაზე. განა, რად ღირს ადამიანების სიცოცხლე?!
ყარაბაღის მეორე ომის დროს არა მხოლოდ უშუალოდ რეგიონი, არამედ სხვა ქალაქებიც დაზიანდა. ქალაქ განჯაში, რომელიც საკმაოდ მოშორებითაა ყოფილი ფრონტის ხაზიდან, ომის დროს, ღამის 2 საათზე რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. შედეგად, 90 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 27 დაიღუპა, მათგან 7 მცირეწლოვანი ბავშვი. ის ოჯახი კი, რომლის სახლსაც რაკეტა დაეცა, სრულად განადგურდა.

და ბოლოს, პირველი, რაზეც მსგავს ადგილებში ყოფნისას ფიქრს იწყებ, მშვიდობისა და სიცოცხლის მნიშვნელობაა. ძნელია საუბარი მშვიდობაზე, როდესაც ორ ქალაქს შორის გამყოფი ხაზია გავლებული და მოქალაქეებს საკუთარ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილება არ შეუძლიათ – ეს ჩვენთვის, ქართველებისთვისაც ნაცნობი ვითარებაა და ალბათ, ამიტომაც, ჩემთვის ემოციურად უფრო მეტად რთული იყო ყარაბაღის ომის ნაკვალევზე გავლა. თუმცა, ერთი კი უპირობოდ ნამდვილი და მართალია – მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.

მარიამ ლაცაბიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები