შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მოსახლეობა სწორად ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი, საქმეზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა

“ჩვენი მოსახლეობა სწორად ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი, საქმეზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ორი ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია რეალური სურათის დამახინჯებას დეზინფორმაციით ცდილობს.

“ჩვენი მოსახლეობა სწორად ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი, საქმეზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ენდობა ჩვენს გუნდს და მზად არის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავაც დაუჭიროს მას მხარი. ამ ფონზე კიდევ უფრო გასაგები ხდება ოპოზიციის და მათი ტელევიზიების მიერ რეალური სურათის დამახინჯების სასოწარკვეთილი მცდელობა კვლევების მანიპულირების და დეზინფორმაციით გაჯერებული სიუჟეტების მეშვეობით. ამის საუკეთესო მაგალითი იყო IPSOS-ის კვლევა, როცა პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორ მოაქცია ჩიხში ელემენტარულმა კითხვებმა დამკვეთიც და შემსრულებელიც. რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის გონების არევის ამგვარ სასოწარკვეთილ მცდელობებს წარმატების შანსი არ აქვს. ქართველი ხალხი, 2 ოქტომბერს, უკვე მერვედ გააკეთებს სწორ არჩევანს და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს. კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს და მოვუწოდოთ მათ აქტიურობისკენ. 2 ოქტომბერს ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ”,- აცხადებს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები