გიორგი ამილახვარი: ბატონი გახარია აიბლანდა, საზოგადოება დასკვნებს თავად გააკეთებს
“ბატონი გახარია იმდენად აიბლანდა, რომ საზოგადოება დასკვნებს თავად გააკეთებს”, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი, გიორგი ამილახვარი “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩატარების შესახებ ინფორმაციას.
მისივე თქმით, მოსახლეობა სწორ დასკვნებს გამოიტანს.
„თავად ის ფაქტი, რაც ამ საკითხის მის მიერ შეფასებას მოჰყვა – ერთი მხრივ, ტესტის გადადება, მეორე მხრივ, კახა კალაძის ინიციატივის იგნორირება, მესამე მხრივ, ტესტის საზღვარგარეთ ჩატარება, ცხადია, რაღაცას მიუთითებს. ვფიქრობ, საზოგადოება დასკვნებს თავად გამოიტანს. როდესაც ძალიან მარტივად, 5 წუთში შესაძლებელი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის გაწევა ისე, როგორც ეს კახა კალაძემ გააკეთა, ამას ავსტრიაში სიარული არ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ ხალხი თავად გააკეთებს დასკვნებს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.