ფინანსთა სამინისტრომ აზიის განვითარების ბანკიდან $100 მილიონის მიღების მიზეზები განმარტა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აზიის განვითარების ბანკის მიერ ელექტროგადამცემი სექტორის გასაძლიერებლად საქართველოსთვის 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით „იმედინიუსის“ კითხვებს უპასუხა.

როგორც „იმედინიუსს“ ფინანსთა სამინისტროში განუმარტეს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმების პროგრამის ფარგლებში, საქართველომ აზიის განვითარების ბანკთან ფინანსური რესურსი მიღების თაობაზე ჯერ კიდევ პანდემიამდე, კერძოდ, 2018 წელს მიაღწია შეთანხმებას.

„კონკრეტული მიზნობრიობით გათვალისწინებული თანხის მიღებას წინ უსწრებდა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც წარმატებით დასრულდა და ქვეყანას წლის ბოლომდე შეუძლია გამოითხოვოს ფინანსური რესურსი 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ თანხა გათვალისწინებულია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორებთან ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მათ მიერ გამოყოფილი მხარდაჭერის შედეგად, ქვეყანაში განხორციელდა არაერთი რეფორმა. ჩვენს პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და მათი დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

რაც შეეხება ევროკავშირის სესხს, რომლის მიღებაზეც საქართველომ თქვა უარი, „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ, მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი.

„როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, უკვე შევამცირეთ შიდა ვალის აღება და წელს ვფარავთ 150 მლნ ლარის ოდენობის შიდა ვალს. დამატებითი შემოსავლები გვაძლევს საშუალებას, 2021 წელს ნაწილობრივ შევამციროთ საგარეო ვალის აღებაც, თუმცა მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები