გააქტიურებული უკანონო ბორდერიზაცია ტახტისძირსა და გვირგვინაში – სუს-ის კომენტარი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირისა და ოკუპირებულ სოფ. გვირგვინას მიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ფიქსირდება 2013 წლიდან, – ამის შესახებ “კვირას” სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.
“მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან არსებულ საოკუპციო ღობის შიგნით საოკუპციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ იქნა გავლებული მავთულხლართები.
საოკუპაციო რეჟიმის ყველა უკანონო აქტივობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პროცესთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ აქტიურდება ცხელი ხაზი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განხილულია IPRM-ის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაკვეთის პერმანენტული მონიტორინგი.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”, – აცხადებენ უწყებაში.