სანდრო მამასახლისის ფოტოები ლონდონში კაპას და ბრესონის გვერდით არის გამოფენილი

თანამედროვე ქართული ფოტოგრაფია წამოუდგენელია სანდრო მამასახლისის (1933–2009) უკიდეგანო ღვაწლის გარეშე. ამ უნიკალური ხედვისა და აზროვნების ხელოვანმა არა მხოლოდ ათასობით ფოტოკადრი შემოუნახა შთამომავლობას, არამედ ჩვენში ფოტოგრაფის პროფესია აიყვანა ახალ სიმაღლეზე, გაცილებით საჭირო და პრესტიჟულ დარგად აქცია იგი. სიმონ კილაძესთან, გურამ თიკანაძესთან, ალექსანდრე სააკოვთან და სხვა გამოჩენილ ფოტოგრაფებთან ერთად სანდრო მამასახლისმა შექმნა მთელი ეპოქა, რომლის კეთილმყოფელი გავლენა ასე საგრძნობია დღევანდელ ქართულ ფოტოგრაფიაში.
უკვე 12 წელიწადი გავიდა სანდრო მამასახლისის გარდაცვალებიდან და მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან მაკლდა გულს მისი მემკვიდრეობის მივიწყება. მხოლოდ წლეულს, მაისში, შევიტყვე, რომ თბილისის ფოტოფესტივალმა „ქოლგამ“ გამართა მისი პერსონალური გამოფენა „ქარვასლაში“, განსაკუთრებით კი იმ ფაქტმა გამახარა, რომ „ქოლგამ“ მისი დამსახურება ქართული ფოტოგრაფიის წინაშე ალექსანდრე როინიშვილის სახელობის  პრიზით აღნიშნა.
ამ სასიხარულო ამბავს წლეულს ისიც დაემატა, რომ მისი ნამუშევრები ჩართეს ლონდონის საერთაშორისო ფოტოგამოფენა-გაყიდვაში Photo London 2021, რომელიც გუშინ გაიხსნა სომერსეტ ჰაუზში და ოთხი დღის განმავლობაში ათასობით დამთვალიერებელი ეყოლება. ქართველი ფოტოხელოვანის ათ ფოტოს ლონდონის შტაგერის გალერეა (Shtager Gallery) ფენს. ამრიგად, სანდრო მამასახლისი გახდა პირველი ქართველი ავტორი, რომელიც ამ რანგის საერთაშორისო პლატფორმაზე მოხვდა.
მე განსაკუთრებული მოლოდინით ველოდი ამ დღეს, რადგან მქონდა ბედნიერება პირადად მცნობოდა ქართული ფოტოგრაფიის ეს დიდი ოსტატი. მაინტერესებდა, რა ფოტოები დამხვდებოდა ექსპოზიციაში. თბილისიდან ჩემთვის უკვე ნაცნობი თუ დღემდე უცნობი ნამუშევრები, რომლებიც მას მრავლად დარჩა, შტაგერის გალერეამ აქცენტი სანდრო მამასახლისის ნაკლებად ცნობილ ფოტოებზე გააკეთა, რომლებიც პირველად იფინება საჯაროდ.
მეგონა, რომ კარგად ვიცნობდი ამ ფოტოხელოვანს, მაგრამ რაც ლონდონში ვნახე, დავრწმუნდი, რომ ჩვენ სანახევრო წარმოდგენაც არ გვაქვს, თუ ვისთან გვაქვს საქმე მისი სახით და ვინ იცის, კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს მისი არქივი, რომელიც ათასობით კარდს შეიცავს.
თურმე აქამდე რაც გვენახა მამასახლისის, მხოლოდ აისბერგის წვერია. ის, რისი პუბლიკაციის უფლებაც იმხანად მას ეძლეოდა, მაგრამ განსაკუთრებით ღირებულია, რასაც ცენზურა კრძალავდა. სწორედ ეს „აკრძალული ხილი“ არის სანდრო მამასახლისის უძლიერესი ფოტოები. აქ ჩანს სრულყოფილად მისი აზროვნების, გამოხატვის უნიკალურობა. ის არის კამერის ნამდვილი მესაიდუმლე, მის მიერ სინამდვილეს მოწყვეტილი ნებისმიერი კადრი ჟღერს როგორც მინი – ნოველა, მათ თვალს უბრალოდ ვერ მოწყვეტ, გულგრილი ვერ დარჩები მათ მიმართ, ფიქრების ჯარს გახვევს ყველა მათგანი. ამ მხრივ სანდრო მამასახლისი ყველაზე ახლოს დგას ფიროსმანთან. ასევე მაგონებს რეზო ინანიშვილის ნოველებს, თენგიზ მირზაშვილისა და დიმა ერისთავის სურათებს.
მამასახლისის მხატვრული ენა არის საფუძვლინად შესასწავლი, გასააზრებელი და გამოსაფენი. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრ აღმოჩენას გავაკეთებთ, თუ ჩავუღრმავდებით მის უძირო არქივს… დარწმუნებული ვარ, ეს სურათები, ჟანრული თუ თემატური სიუხვითა და მრავალფეროვნებით, ალბათ ათ გამოფენას გასწვდება.
სანდრო მამასახლისი ფრანგული და ამერიკული ფოტოსკოლების თაყვანისცემამ და გავლენამ ჩამოაყალიბა დამოუკიდებელ ფოტოხელოვნად. მისი ფოტოების ხილვისას აუცილებლად გაგვახსენდება და მის დიდ მასწავლებლებად უნდა მივიჩნიოთ: ანრი ბრესონი, რობერტ კაპა, იუჯინ სმითი. თუმცა, ჩაკეტილი გარემო, სადაც ის ცხოვრობდა, ასევე ულევ საზრდოს წარმოადგენდა და რაც სანდრო მამასახლისის მახვილმა თვალმა და გემოვნებამ ღირებულ არტეფაქტებად აქცია. იგი თავის სიცოცხლეში სიზმრადაც ვერ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ამ გენიოსების გვერდიგვერდ ოდესმე გამოიფინებოდა. რა სიმბოლურია, რომ 2021 წელს ლონდონში სწორედ კაპას, ბრესონის, ირვინგ პენის, დეივიდ ბეილის, მარტინ პარის, ტიმ უოლკერის, უილიამ კენედის, შირინ ნეშატის, დეივიდ ლაჩეპელის და მსოფლიოს სხვა წამყვანი ფოტოხელოვანების გარემოცვაში აღმოჩნდა იგი.
წლეულს, 8–12 სექტემბერს, მსოფლიოს 90-მდე წამყვანი გალერეა მონაწილეობს „ფოტო ლონდონზე“. მათ შორის დღესდღეობით ლიდერობს პარიზის, ლონდონის, ამსტერდამის, ბერლინის, ნიუ-იორკის სკოლები. და ამ მრავალფეროვნებასა და ვიზუალურ ბრწყინვალებაში მაინც შესამჩნევია ქართველი ფოტოხელოვანის შავ-თეთრი ნამუშევრები: „წინ დიდი გზაა“, „სათამაშოების გამყიდველი“, „სამი მეგობარი და ზღვა“, „პარადი“, „ზაფხულის თქეში“, „მარიამობის დღესასწაული სოფლად“, „ ბებია“, „პიონერები სურათის გადაღების მოლოდინში“, „პასტორალი“, „ზამთრის პეიზაჟი“. ყველა მათგანი დასამახსოვრებელია  ლირიზმითა თუ მახვილი ირონიით, მაგრამ „ზამთრის პეიზაჟი“ და „პიონერები“, სიღრმითა და ესთეტიკური სრულქმნილებით, ნამდვილ შედევრებს განასახიერებს, რომლებიც  ფოტოგრაფიაში გათვითცნობიერებულ ნებისმიერ მნახველს გულწრფელად აღაფრთოვანებს.
და ვინ იცის, კიდევ რამდენ შედევრს იმალავს სანდრო მამასახლისის ფოტოარქივი, რომლის გამომზეურება თანდათან უნდა მოხდეს…
კაცი, რომელმაც საქართველოში 1970 წელს გამოსცა ფოტოგრაფიისადმი მიძღვნილი პირველი ჟურნალი „სხივი“, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად დაარსა ფოტოგრაფიის ფაკულტეტი, ვინც პირველი დისერტაცია დაიცვა ფოტოგრაფიაში, ვინც აღზარდა ფოტოგრაფთა მთელი თაობები, ღირსია მეტი ყურადღების! გულით რომ გინდოდეთ, ვერც მის ალბომს მიაკვლევთ და ვერც მასზე დაწერილ წიგნს, აღარ ვლაპარაკობ მისი სახელობის სტიპენდიაზე, პრიზზე, ქუჩაზე.
2023 წელს 90 წელი სრულდება სანდრო მამასახლისის დაბადებიდან და აწი ჯერი ჩვენზეა, ვაჩვენოთ, თუ როგორ ვპატრონობთ საკუთარ სიცოცხლეში მათ გარშემო აჟიოტაჟის პრინციპულად არმსურნე ადამიანების ხსოვნას, რომლებიც სინამდვილეში ყველაზე დიდ სამსახურს უწევენ საქართველოს.

 

     გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები