ამიერიდან ცნობილია, იერუსალიმის ქრისტეს საფლავისა და აღდგომის ეკლესიის რომელი კარის კლიტეს ფლობდნენ ქართველები

ყველა ქართველს სმენია და ეამაყება, რომ „კლიტენი იერუსალემისანი“ [ქრისტეს საფლავის ეკლესიის გასაღები] წარსულში (XIV- XVI სს) ქართველებს ეპყრათ. ცნობა ამის შესახებ ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანის, „ძეგლი ერისთავთას“ (XIV- XV ს) ფურცლებმა შემოგვინახა. ამავე დროს, გრიგოლ ფერაძის მიერ მიკვლეული მოგზაურ ფელიქს ფაბრის ჩანაწერის მიხედვით (1480-83 წწ), ტაძარს სამი შესასვლელი ჰქონდა, მაგრამ აქამდე არ ყოფილა ცნობილი, თუ რომელ მათგანზე ჰქონდათ ქართველ ბერებს უფლება.
ამ დღეებში უაღრესად საინტერესო კვლევას გავეცანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მაცნეში“ (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 2021, N1, გვ.5-34). „კლიტენი იერუსალემისანი“, რომელთაც ერთხანს ქართველები ფლობდნენ“ — ასე ჰქვია ნაშრომს, რომლის ავტორიც გახლავთ ისტორიკოსი, მზია მარსაგიშვილი.
ამ კვლევით, მეცნიერულად დასტურდება და ნათელი ეფინება ბოლო ორი საუკუნის საიდუმლოს, თუ კერძოდ რომელი კარის კლიტეს განაგებდნენ ქართველები.
ისტორიულ წყაროებში ყოველი სანდო ცნობა იმის შესახებ, რომ ამ უპირველესი ქრისტიანული სალოცავის კარიბჭის გასაღები ნამდვილად ჰქონდათ ქართველებს, ძალიან ცოტაა. თავად კარის მოხსენიება და რაობა კი მხოლოდ  „ირიბი ინფორმაციის“ წყალობით შეიძლება, აღმოვაჩინოთ აქა-იქ.
1808 წლის ხანძრის აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, ტაძარში შესასვლელად მხოლოდ ცენტრალური (სამხრეთის) კარი დარჩა მოქმედი. ორ საუკუნეზე მეტია, რაც დაკარგულია ხსოვნა დასავლეთის მხარეს გაჭრილი „კვიპაროზის კარის“ შესახებ. ამიტომ, ვისაც კი ამ საკითხზე უმუშავია, ყველა მიიჩნევდა, რომ კარი, რომლის გასაღებიც ქართველებმა XIV საუკუნეში მოიპოვეს, XVI საუკუნეში კი ბეენა ჩოლოყაშვილმა შეაკეთა და რომელსაც ბერი ლავრენტის 1806 წლის ცნობით ქართული წარწერა ჰქონდა, ქრისტეს საფლავის ეკლესიის ამჟამინდელი ერთადერთი შესასვლელი, ანუ სამხრეთის კარია.
მზია მარსაგიშვილი, წყაროთა კვლევის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქართველებს არა სამხრეთის, არამედ დასავლეთის მხარეს არსებული შესასვლელი ეჭირათ თავისი „პატარა ეზოთი“, ჭიშკრითა და ურდულით. მანვე კაპერნაუმის (გალილეა) თორმეტი მოციქულის სახელობის ეკლესიის იღუმენის, არქიმანდრიტ ირინარხოსის დახმარებით, მიაკვლია ტაძრის დასავლეთ კედელში ჯვაროსნების დროს გაჭრილ, ამჟამად კი ქვებით ამოშენებულ კარს, რომლის ქვის ჩარჩო ახლაც შემორჩენილია და თვალცხადად იკითხება.
ამ მიგნებამ უკვე ქრესტომათიულად მიჩნეულ ისტორიაში სინათლე შეიტანა და სრულიად სხვა სინამდვილე აღმოაჩინა. ამიერიდან, ზუსტად ვიცით, თუ სად უნდა ვიგულოთ ქართველთა კუთვნილი „კლიტენი იერუსალემისანი“, საიდანაც მიემართებოდა უმოკლესი გზა ტაძრიდან იერუსალიმის ბერძნულ მართლმადიდებელ საპატრიარქომდე. ამჟამად უმოქმედო, ერთ დროს ქართველთა მფლობელობაში მყოფ კარს დღეს „ქალწული მარიამის თაღად“ მოხსენიებენ.
ამ მივიწყებული ისტორიის ხელახლა აღმოჩენით ის სახელოვანი მეცნიერებიც კი აღფრთოვანდებოდნენ, ვინც იერუსალიმის ქრისტეს საფლავისა და აღდგომის ეკლესიას ოდესმე იკვლევდა.
არ ვიცი, რამდენმა ადამიანმა იცის ამ აღმოჩენის შესახებ საქართველოში, განა რამდენი მკითხველი ჰყავს ჟურნალ „მაცნეს“?! ჩემი წადილია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაგებინო ეს სასიამოვნო ამბავი. თურმე, დღესაც შეიძლება სინათლის შეტანა მთელ რიგ ბუნდოვან და საეჭვო საკითხებში. მზია მარსაგიშვილმა სრულიად ბუნებრივად და უამბიციოდ მიაკვლია ამ საიდუმლოს, რაც ქართული ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვან შენაძენად უნდა ჩაითვალოს. ვულოცავ ქალბატონ მზიას და ქართულ საისტორიო მეცნიერებასაც ამ გამარჯვებას.

                                                                   გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები