ირაკლი ღარიბაშვილი: სომეხი ტყვეების გათავისუფლებისა და მედიაციის წარმატებული პრეცედენტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია

“ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის პოლიტიკურ სტაბილურობას. ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის სტაბილურობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა- ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიათან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენს საერთო რეგიონალურ მიზანს სამ სიტყვაში ჩავტევდი: ესაა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. რომელიც სამივე ქვეყანას გვაერთიანებს. საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყოველთვის იყო მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე, ჩვენ ეს ცოტა ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. რამდენიმე თვის წინ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩემი მედიაციით, ბატონი პრემიერის უშუალო მონდომებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, სამმა ქვეყანამ, ლიდერებმა მოვახერხეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში და ასევე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადმოცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია, გავაკეთოთ. სომხეთის პრემიერს დავუდასტურე, რომ საქართველოს განაგრძოს აქტიური მედიაციის როლი, იმიტომ რომ აღდგეს ნდობა, რომელიც მნიშვნელოვანია და არის საფუძველთა საფუძველი. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ თანამშრომლობის ახალი იდეები და პროექტები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. სომხეთის პრემიერი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს. ფაშინიანი დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები