დავით ზალკალიანმა საქართველოში ვიზიტად მყოფ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა საქართველოში ვიზიტად მყოფ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფთან გამართა, რომლის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: ალექს მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან სტილი (ვისკონსინი), კელი არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონ ესტესი (კანზასი).
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციაში შემავალი კონგრესმენების უმრავლესობა 2021 წლის თებერვალში წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის” თანასპონსორია.
ვიზიტი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით იმართება.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას განხილულ იქნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და დინამიკური თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, აშშ-ის კონგრესის განსაკუთრებული როლი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში და შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები. დავით ზალკალიანმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში კონგრესმენების ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული გარემოს ფონზე და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა „საქართველოს მხარდამჭერი აქტის” წარმომადგენელთა პალატაში თანასპონსორობის გამო, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერას და თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.
ასევე, მადლიერებით აღინიშნა აშშ-ის თანმიმდევრული მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში. დავით ზალკალიანმა შეხვედრისას კონგრესმენებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მცოცავი ანექსიისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის საქმეში. კონგრესმენებმა, რომელთაც ვიზიტის ფარგლებში უკვე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაესვა აშშ-ის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.
აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლი ავღანეთში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესში.
თავის მხრივ, კონგრესმენებმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატეს საქართველოს წვლილისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში . კონგრესმენებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წახალისების კუთხით.
მხარეებმა დაადასტურეს მზაობა განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით. კონგრესმენების ვიზიტის ფარგლებშია, ასევე, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერმინიტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინიტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. შეხვედრები, ასევე, გაიმართება საქართველოს პარლამენტში.