ნათელაშვილი სააკაშვილს “კარგ პიარტექნოლოგს” უწოდებს
“მიხეილ სააკაშვილი კარგი პიარტექნოლოგია და მან შესანიშნავად იცის, როგორ დარაზმოს თავისი ამომრჩეველი საერთო მიზნისა და მოლოდინისკენ”, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ის საქართველოში ჩამოვა.
ნათელაშვილის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა სტრატეგიული საკითხი არ არის.
„შესაბამისად, ეს განცხადებაც სრულიად ჯდება აღნიშნულ ფორმატში, როგორც წინა მისი განცხადებები ჩამოსვლაზე. ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ნამდვილად არავინ არ იცის. საერთოდ, არ არის ეს სტრატეგიული საკითხი. მას, როგორც ოპოზიციონერმა, შეუძლია, იაქტიუროს იქედანაც და აქედანაც. ეს ალბათ მისი პირადი გადასაწყვეტი საკითხია მის პარტიასთან შეთანხმებით. საერთოდ, ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა გვყავდეს გაძევებული ქართველი არც პოლიტიკოსი და არც რიგითი. თუ რამეს დავაშავებთ, აქ ვაგოთ პასუხი, თუ უსამართლოდ ვიღაც გვდევნის, აქ მოვთხოვოთ პასუხი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.