მიხეილ სააკაშვილი: პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში, დაპატიმრების არ მეშინია, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გამათავისუფლებს
“პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და მინდა, მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მისივე თქმით, თითოეული მოქალაქე რეფერენდუმზე უნდა მივიდეს.
„ბევრი მეკითხება, თუ როგორია ჩემი გეგმები იმ ისტორიულ არჩევნებთან, რეფერნედუმთან დაკავშირებით, რომელიც 2 ოქტომბერს იმართება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ის გამოვიდა ევროკავშირის ხელშეკრულებიდან, ქართველი ხალხი არ გამოსულა ამ ხელშეკრულებიდან და ევროპა არ გამოსულა ამ ხელშეკრულებიდან. 2 ოქტომბერს, დიახაც, რომ იმართება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ეს წარმოუდგენელი სპირალი სიღარიბის, სიღატაკის, გაუბედურების, ოჯახების დანგრევის, საქართველოს განადგურების დასრულდეს. თითოეულმა საქართველოში მყოფმა ადამიანმა უნდა მიიღოს თავისთვის გადაწყვეტილება, უნდა წავიდეს ამ რეფერენდუმზე და ხმა მისცეს ივანიშვილის ე.წ. ოცნების წინააღმდეგ.
ეს არის ჩვენი პატრიოტული ვალი საქართველოს გადასარჩენად. ყველაფერი საქართველოში ნადგურდება, მასობრივად გაედინება ხალხი ყოველდღიურად, სისხლისგან იცლება და ხალხისგან იცლება საქართველო. ნადგურდება ჩვენი ისტორიული ფასეულობები, ჩვენი საეკლესიო ცხოვრების წესი, ჩვენი ბავშვების მომავალი და ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და აუცილებლად ახლა, ეს არის ბოლო ზღვარი, როდესაც ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, ყველა უნდა ჩავერთოთ პროცესში. ამიტომ ჩვენ ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, რა თქმა უნდა იზამს, ოღონდ ამჯერად, ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა და არ გვინდა ძალადობა, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა მომავალი და ასევე არ გვინდა, რომ ჩვენზე ძალადობდეს ვინმე, ჩვენ არ გვინდა, რომ გვანადგურებდეს ვინმე და ჩვენ ამას წყნარად შევხვდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ღირსება და სიამაყე და ჩვენ გვინდა ადამიანური ცხოვრება.
მე მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს უცხოეთში მყოფ თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში. მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“, – განაცხადა სააკაშვილმა.