„რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება უნდა არა იმიტომ, რომ გონს მოეგო, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება” – ზაალ კასრელიშვილი

“რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება უნდა არა იმიტომ, რომ გონს მოეგო, არამედ  იმიტომ, რომ ეს სჭირდება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ანალიტიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.

კასრელიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთი მზად არის, საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს.

„ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟია ატეხილი. მან განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან მოლაპარკებები დაიწყოს. მეგობრები ვართ და ყველაფერს დაგიბრუნებთ, დაგითმობთო, ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის, ჩვენი მომავლისათვის. ვფიქრობთ, ეს არის გზავნილი დასავლეთისათვის. ლავროვმა განცხადება გააკეთა იმისათვის, რომ დასავლეთს უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების შესახებ თავისი მზაობა აჩვენოს. რუსეთი ცდილობს, დასავლეთს დასავლურ სივრცეში დასაბრუნებლად მზაობაც აჩვენო, რაც ბაიდენსა და პუტინს შორის შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა. კარგია, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სწრაფად მოხდება. ეს რუსეთისათვის დასავლეთთან ვაჭრობის საგანი იქნება. ვფიქრობთ, რომ საქართველო ძალიან მაგრად უნდა იყოს მომზადებული”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს როლი რეგიონშიც და გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში გაიზარდა.

„გასაგებია, რომ რუსეთს საქართველოსთან დიალოგის დაწყება უნდა. საქართველოს როლი რეგიონშიც და გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში ერთი ათად გაიზარდა. მთავარია, ახლა ჩვენ რისთვის ვართ მზად, როგორ ვიწყებთ დიალოგს და როგორ ვაგრძელებთ ამას ისე, რომ, პირველ ყოვლისა, ჩვენი ინეტერესები გავითვალისწინოთ და ასევე რეგიონში მეზობლების ინტერესები არ დავაზიანოთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნირების მხარდაჭერის ხარისხი. რამდენადაც ვიცით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებენ. კონგრესმენების ჩამოსვლაც ნაწილობრივ ამას უკავშირდება. მათი ჩამოსვლა, უპირველესად, არჩევნებს უკავშირდება.
მოხარულები ვართ, რომ ეს პროცესი დაიწყო. ჩვენ მზად გვაქვს მთელი რიგი წინადადებებისა, როგორ უნდა აწარმოოს საქართველომ დიალოგი, რა თემები უნდა იყოს განხილული. რა თქმა უნდა, დეოკუაპცია პირველი რიგის წინადადება იქნება.

რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება უნდა არა იმიტომ, რომ გონს მოეგო და იდეოლოგიური თანხვედრა გაახსენდა, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება. ამას ძალიან რაციონალურად უდგება. გააჩნია, ბოლომდე როგორ მივა. რუსეთისგან რაციონალური მიდგომა ცოტა ძნელი დასაჯერებელია. ორი -სამი ნაბიჯის შემდეგ აუცილებლად აურევს ხოლმე. ჩვენს ისტორიაში ასე იყო. გარდა ამისა, რუსეთს დასავლეთთან დაახლოება უფრო უნდა, ეს კი არ გამოუვა არანაირად, თუ საქართველოსა და უკრანასთან ურთიერთობები არ მოაგვარა.
ფორტუნა ჩვენს მხარესაა, გააჩნია, ამ ყველაფერს როგორ გამოვიყენებთ, როგორ ვემზადებით“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება უნდოდა, თუმცა, მისი თქმით, ამას რუსი პარლამენტარების მიმართ განხორციელებულმა უხეშმა პროვოკაციამ შეუშალა ხელი.

მისი თქმით, თუ საქართველოს სურს, რუსეთთან ნორმალურად იცხოვროს, როგორც მეზობელთან, მოსკოვი მზად არის ურთიერთობის აღდგენისთვის.

“თუ საქართველოს ნამდვილად სურს, არ “გაათამაშოს რუსეთის კარტი” დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად და სურს, იცხოვროს ჩვენთან, როგორც მეზობელთან ერთად, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ მომენტში”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები