„რუსეთი საქართველოსთან მიმართებით რბილი ძალის პოლიტიკას იყენებს, ასეთ განცხადებას სერიოზულად არ მივიჩნევ“ – მაისაია ლავროვის განცხადებაზე

“ჯერ რუსეთმა დეოკუპაციის და უვიზო რეჟიმის დაწესების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და მერე გამოჩნდება, რამდენად სანდოა და რამდენად შეიძლება, რეალურად მივიღოთ ასეთი რუსული წინადადება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.

მაისაია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთი მზად არის, საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს.

„რაც შეეხება საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის, თუ შესაბამისი თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებას, ეს ძალიან საეჭვოდ ემთხვევა საქართველოში ანტიდასავლური აფეთქებების ტალღას. პირველი ეს იყო, როცა პარლამენტის წინ რადიკალურმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს, მეორე მომენტი კი 75 – მილიონიან სესხზე უარის თქმა იყო. ამასაც საკმაოდ საეჭვოდ დაემთხვა ლავროვის განცხადება.

რუსეთი საქართველოსთან მიმართებით რბილი ძალის პოლიტიკას იყენებს. მე ასეთ განცხადებას სერიოზულად არ მივიჩნევ. ჯერ რუსეთმა დეოკუპაციის და უვიზო რეჟიმის დაწესების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და მერე გამოჩნდება, რამდენად სანდოა და რამდენად შეიძლება, რეალურად მივიღოთ ასეთი რუსული წინადადება. მანამდე, ეს ლიტონი სიტყვებია. სხვა არაფერი“, – განაცხადა მაისაიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება უნდოდა, თუმცა, მისი თქმით, ამას რუსი პარლამენტარების მიმართ განხორციელებულმა უხეშმა პროვოკაციამ შეუშალა ხელი.

მისი თქმით, თუ საქართველოს სურს, რუსეთთან ნორმალურად იცხოვროს, როგორც მეზობელთან, მოსკოვი მზად არის ურთიერთობის აღდგენისთვის.

“თუ საქართველოს ნამდვილად სურს, არ “გაათამაშოს რუსეთის კარტი” დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად და სურს, იცხოვროს ჩვენთან, როგორც მეზობელთან ერთად, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ მომენტში”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები