კახა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ზედა დიმის და ნერგეეთის მოსახლეობას შეხვდა.
„მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურად ვაგრძელებ, ამჯერად სოფელ ზედა დიმის და ნერგეეთის მცხოვრებლებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სოსო ჭოლოკავასთან ერთად შევხვდი. სოფელ ზედა დიმში და ნერგეეთში, ბოლო ოთხი წლის მანძილზე დაიგო გზები და დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები. აღნიშნული სოფლები გაზიფიცირებულია მთლიანად. ამ ეტაპზე ზედა დიმის მთავარი გამოწვევა შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაა. შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა და ბავშვებისთვის გასართობი სკვერის მოწყობაა ნერგეეთის მაცხოვრებლების სურვილი. ჩემი მთავარი მიზანია სოფლის განვითარებას შევუწყო ხელი და მოსახლეობას მათთვის საჭირო საკითხების გადაჭრაში დავეხმარო. რათა ადგილობრივებმა არ დატოვონ სოფლები და შეძლონ გაძლიერება”, – აცხადებს ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე.