კახა კუჭავა: ჩემთვის წყალტუბო მამულეთია, მამაჩემი აქ დაიბადა, აქ გაიზარდა

“ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივამ ახალი იმპულსი შემატა წყალტუბოს განვითარებას. უკვე ჩატარდა გენერალური გეგმის საჯარო განხილვა, რომელმაც დასაბამი უნდა დაუდოს იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ წყალტუბო ინფრასტრუქტურულად თუ სხვა მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მერობის კანდიდატის, გენადი ბალანჩივაძის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ წყალტუბოს ვნახავთ კიდევ უფრო ლამაზს არა ბუნებრივად, არამედ – ჩვენი ხელით მაქსიმალურად გალამაზებულს.

„ჩემთვის წყალტუბო მამულეთია. მამაჩემი აქ დაიბადა, აქ გაიზარდა, აქ გახდა ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება მაგალითი პროფსიონალიზმის. ადამიანი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში, თუ ვინ ვარ დღეს. მამისგან, ბებიისგან ბევრი მქონდა გაგონილი, თუ როგორი იყო წყალტუბო ადრე – დატვირთული ეკო და სამედიცინო ტურიზმით. წყალტუბო ამ მიმართულებით აღარ არის ისეთი აქტიური, თუმცა, პოტენციალი უდიდესია.

ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივამ ახალი იმპულსი შემატა წყალტუბოს განვითარებას. უკვე ჩატარდა გენერალური გეგმის საჯარო განხილვა, რომელმაც დასაბამი უნდა დაუდოს იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ წყალტუბო ინფრასტრუქტურულად თუ სხვა მიმართულებით. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ვსაუბრობთ ქალაქსა და მუნიციპალიტეტზე, რომელიც გამოირჩევა ძალიან დიდი შესაძლებლობებით, რაც არსებობს და რაც დამატებით უნდა შევქმნათ. ჩვენ მოვინახულეთ თეთრა მღვიმე, რომელიც ცოტა ხნის წინ დანაგვიანებული ადგილი იყო. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ვაწარმოებთ. თუ როგორ განვავითაროთ არა მხოლოდ გარემოს დაცვის კუთხით, არამედ ეკოტურიზმის მიმართულებით ყველა შესაძლებლობა, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ რეგიონს და რითაც ძალიან მდიდრები ვართ.

არ შეიძლება, არ ვახსენოთ პრომეთეს მღვიმე. იგი ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონახულების ცენტრს წარმოადგენს როგორც შიდა, ისე  – გარე ტურიზმისთვის. ეს არის შესაძლებლობები, რომლის ირგვლივ ჩვენ უნდა შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ ტურისტმა, რომელიც ჩამოვა, შეძლოს მეტის ნახვა, მეტი სერვისის მიღება, რაც თითოეული თქვენგანის ოჯახზე და კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბევრი პროგრამა არსებობს, რომელზეც ვმუშაობთ და აუცილებელია, რომ თითოეული თქვენგანმა ეს პოტენციალი გამოიყენოს და აითვისოს. გვაქვს მოლოდინი, რომ წყალტუბოს ვნახავთ კიდევ უფრო ლამაზს, არა ბუნებრივად, არამედ ჩვენი ხელით მაქსიმალურად გალამაზებულს.

ულამაზესი პარკებია შემორჩენილი, რომელიც ძალიან ადრე გაშენდა, თუმცა, ვთვლი, რომ შეიძლება, ბევრი საინტერესო რამ დავამატოთ, ბევრი ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის წყალტუბოს. ეს არის ადგილი, სადაც შეგვიძლია, შევქმნათ მარშრუტი, რომელიც დააკავშირებს ცაგერსა და ლენტეხს, შემდეგ ახალი გზა, რომელიც უშგულამდე ავა და ტურისტული მარშრუტი სრულად შეიკრება. აუცილებლად უნდა ნახოთ ის პატარა სოფლები, რომელიც აქ არის. ულამაზესია ლორთქიფანიძის მუზეუმი სოფელ ჩუნეში. გამოჩენილ ადამიანებზე ვსაუბრობთ და არ შეიძლება არ ვახსენოთ იაკობ ქაჯაია, რომელმაც გვასახელა ოლიმპიურ თამაშებზე და მოგვიტანა წარმატება, რომლითაც ვამაყობთ. მინდა ვისურვო, რომ ოთხი წლის შემდეგ ჩვენ მოვალთ კონკრეტული შედეგებით, განვითარებით, რაც ხელშესახები იქნება თითოეული თქვენგანისთვის. წარმატებას ვუსურვებ კანდიდატს, ჩვენს გუნდს და წყალტუბოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები