ირაკლი ღარიბაშვილი – წყალტუბოში ახალი ტურისტული ადგილი – თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას
სასიხარულოა, რომ შეიქმნა ახალი ტურისტული ადგილი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მის უნიკალურ ისტორიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში თეთრა მღვიმის დათვალიერებისას განაცხადა.
ახალი ტურისტული სივრცის შესახებ ინფორმაცია პრემიერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გააცნო.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თეთრა მღვიმე 2021 წელს გაიხსნა და ნაღვენთებით გამორჩეულ უძველეს მღვიმეს წარმოადგენს. მღვიმეში მოწყობილია სპეციალური სივრცე, სადაც ღვინის დაძველებისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი. აღნიშნულ სივრცეში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა ადგილობრივი წარმოშობის ღვინოები დააგემოვნონ.
ეკოტურისტული სივრცე საშუალებას იძლევა, მოეწყოს ქართული და უცხოური ღვინის გამოფენები, კონფერენციები და ტრადიციული ფესტივალები. დაგეგმილია პირველი ღვინის მაღაზიის მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება მღვიმეში დაძველებული ღვინოები.
კერძო ინვესტიციის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ღირებულება 400 000 ლარამდეა. მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ღვინის სადეგუსტაციო და ტურისტული დანიშნულების ლოკაცია და ბილიკები. მღვიმე აღიჭურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახანძრო და ავარიული უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟდა თანამედროვე გარე და შიდა განათების სპეციალური სისტემა. თეთრა მღვიმე პირველია, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
თეთრა მევიმეში პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა.