ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვამ სოფელ შაქრიანის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ მოსულმა სეტყვამ, ამჯერად, სოფელ შაქრიანის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ძლიერმა ქარმა კი სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ასევე, სეტყვის შედეგად, დაზიანდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაფარეული, სადაც, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა.
26 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავლის 90 პროცენტი სოფელ შაქრიანის ფერმერებს ამ დროისთვის უკვე ჩაბარებული აქვთ.
საქართველოს მთავრობისა და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდება. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაზარალებული სოფლების მოსახლეობას უკვე შეხვდა.