ზაალ უდუმაშვილი: რაც არ უნდა განცხადებები გააკეთოს “ქართულმა ოცნებამ“, შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებული ვერ იქნება
“შარლ მიშელის დოკუმენტი ვერ იქნება ანულირებული, რაც არ უნდა განცხადებები გააკეთოს “ქართულმა ოცნებამ” და რაც არ უნდა იძახონ, რომ ისინი გადიან დოკუმენტიდან”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს.
“ასეთი დოკუმენტებიდან ვერ გადიან, ასე არ ხდება ამ დოკუმენტის ანულირება. როცა ამ დოკუმენტზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციური პარტიების ხელისმოწერაა, რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი ძალაშია. ჩვენ სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ამ დოკუმენტს ხელი, რომ დღეს, როგორც არასდროს, საფრთხის წინაშე დგას პროდასავლური განაცხადი და ზოგადად, ჩვენი პროდასავლური ვექტორი, ეს არის სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურება, ეს არჩევნები იქცევა – დასავლეთი თუ რუსეთი. ამ რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის დასავლურ არჩევანს და ხელისუფლებას მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა”, – განაცხადა უდუმაშვილმა.