ირაკლი ზარქუა – გიორგი გახარიას: ვარექ სი მართალ კოჩი – მეგრული არ ესმის, მაგრამ უთარგმნიან
“ვარექ სი მართალ კოჩი გახარია, მეგრული არ ესმის მას, მაგრამ უთარგმნიან, “ნაციონალური მოძრაობის” დანამატი გახდი გახარია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, იყოს თბილისის მერობის კანდიდატი.
ზარქუას თქმით, გახარია მისთვის დიდი იმედგაცრუებაა.
“ჩემთვის გახარია არის ძალიან დიდი იმედგაცრუება. თქვენ წინაშე ვდგავარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ თვეების განმავლობაში მაქსიმალურად თავი ამერიდებინა, რომ მის წინააღმდეგ განცხადება გამეკეთებინა. ჩემი თანაგუნდელები მას უყენებდნენ პრეტენზიებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე, არ მჯეროდა – გულწრფელად გეტყვით და აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ზუსტად იცის გახარიამ, კახისთან ბრძოლაში თეორიული შანსიც არ გააჩნია, ზუსტად იცის, სამწუხარო რეალობაა ასეთი, რომ “ნაციონალურ მოძრაობაზე” მეტს ვერ აიღებს და რა გამოდის? უბრალოდ, მავნებლობს. ის განცხადება როცა თქვა, რომ კახა უალტერნატივოა და მის კონკურენტად ყოფნაზე უარს ამბობს, ახლა შეცვალა, ძალიან ცრუპენტელა და ორპირი კაცი აღმოჩნდა. ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, დედაქალაქში თეორიული შანსიც არ აქვს, რომ გაიმარჯვოს, უფრო მეტიც, არც იმის შანსი აქვს, მეორე ტურში გადავიდეს, ერთადერთი მისი ამოცანა და დაკვეთა, როგორც ვლინდება არის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხელი შეუწყოს იმაში, რომ კახი კალაძემ ქულები დაკარგოს. არ გამოუვა, გამორიცხულია, კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს, შეიძლება, 60%- ით არა, 55 პროცენტით, მაგრამ ამან გახარიას კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი.
ვარექ სი მართალ კოჩი გახარია, ეს არაფერში არ წერია, მეგრული არ ესმის მას, მაგრამ უთარგმნიან. არასწორი ნაბიჯი გადადგი, წაგებულ ომში შეხვედი, თეორიული შანსიც რომ არ გაქვს, რომ მოიგებ და მაინც შედიხარ ამ ბრძოლაში, ერთადერთი მიზანი და ამოცანა ის არის, რომ “ქართულ ოცნებას” ქულები დააკარგვინო შენი ჭკუით და “ნაციონალური მოძრაობა” გაიყვანო მეორე ტურში. მე ამის არ მჯეროდა, მაგრამ გუშინდელი შენი ნაბიჯით ნიღაბი ჩამოგეხსნა. მე პირადად მზად ვარ, სადაც გინდა, რომელ ეთერშიც გინდა, დავჯდეთ დებატებში, თუ გინდა შენს „მთავარ არხზე“, იქ გეტყვი სათქმელს და შენც მოგისმენ, რა გაქვს სათქმელი, არასწორი ნაბიჯია, არაფერში არ წერია, “ნაციონალური მოძრაობის” დანამატი გახდი ჩემდა სამწუხაროდ”, – განაცხადა ზარქუამ.