ზალკალიანი ლავროვს პასუხობს: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების გზა დეოკუპაციაზე გადის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს პასუხობს და აცხადებს, რომ თბილისი მზად არის, მოსკოვთან ურთიერთობა აღადგინოს, თუმცა, არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

ამის შესახებ ზალკალიანმა “ქრონიკის” ეთერში ლავროვის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა. რუსი დიპლომატის თქმით, “თუ საქართველოს ნამდვილად სურს, არ “გაათამაშოს რუსეთის კარტი” დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად და სურს, იცხოვროს ჩვენთან, როგორც მეზობელთან ერთად, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ მომენტში”.

ზალკალიანი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების გზა გადის დეოკუპაციაზე.

“ჩვენ ძალიან ხშრად ვისმენთ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ აქვთ სურვილი საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის და რომ მათ უყვართ საქართველო და ასე შემდეგ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ გვესმის ეს ყველაფერი. ურთიერთობის აღდგენა უნდა საქართველოსაც, მაგრამ არა – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის ხარჯზე. ჩვენს ქვეყნების შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი გადის დეოკუპაციაზე, აღიარებული ტერიტორიების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების აღიარების უკან წაღებაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპის დაცვასა და ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემაზე, რაც არის საერთაშორისო საზღვრებში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და პატივისცემა. ეს არის ის, რასაც ველით რუსეთის ფედერაციის მხრიდან”, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს პირველი დიპლომატის თქმით, 2012 წლის შემდეგ, თბილისმა მოსკოვს ძალიან ბევრჯერ მიანიშნა, რომ სურს სიტუაციის დეესკალაცია, მათ შორის, ხალხთაშორისი ურთიერთობის კუთხით, ტურიზმის აღდგენის კუთხით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების კუთხით.

“მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ ნაბიჯები მათი მხრიდან, რადგან ოკუპაცია არის შედეგი მათი აგრესიული პოლიტიკისა და, ჩვენი დადებითი სიგნალების ფონზე, ჩვენ უკან გვიბრუნდება ბორდერიზაცია, უკანონო დაკავებები და ასე შემდეგ. მზად ვართ, სიტუაცია დეესკალაციისკენ წავიყვანოთ, მაგრამ არა – ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ”, – თქვა ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე, ლავროვის განცხადების ფონზე, ოპონენტების გამოხმაურებებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ელოდნენ “როდესაც გარკვეული უხერხულობები შეიქმნა ევროკავშირთან ურთიერთობებში, ამას აბამენ, რომ, აი, რუსეთის მხრიდან წამოვიდა ასეთი გზავნილი.”.

“ასეთი დამთხვევები ძალიან ხშირად გვინახავს ბოლო პერიოდში. შემთხვევით, რა თქმა უნდა, არაფერი არ ხდება. მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის ჩვენი საზოგადოების არჩევანი, ეს არის ჩვენი ცივილიზებული არჩევანი და ამ კურსისგან საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ გადაუხვევს”, – განმარტა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები