გიორგი ცუცქირიძე: დღეს დამატებით ვალების აღების არანაირი საჭიროება არ დგას

„დღეს დამატებით ვალების აღების არანაირი საჭიროება არ დგას, რაც თუნდაც გასულ წელს იდგა საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრი შემცირების და, მეორე მხრივ, ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო, ანუ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდიდან გამომდინარე“, – წერს ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, 75-მილიონიანი დახმარება, რეალურად, გრძელვადიანი კრედიტი, თუნდაც, უპროცენტო, არანაირ კავშირში არ არის ევროკავშირის სამომავლო ფინანსურ მხარდაჭერასთან.

„ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების “შეჩერებასა” და მის ასაღებად მთავრობის უარზე ახლა ერთი ამბავია ატეხილი. ექსპერტთა ნანილი თვლის, რომ პოტენციური ინვესტორები ამ ფაქტის გამო საქართველოს გადაიყვანენ მაღალი რისკის ზონაში და შეაჩერებენ აქტივობას. კიდევ უფრო შორს მიდის მიხეილ სააკაშვილი, გაიხსენა რა იგავ-არაკი, როცა მელა ყურძენს ვერ მიწვდა და ეს ,,ოცნების,, მთავრობის ევროკავშირისადმი დამოკიდებულებას შეადარა. რეალურად კი, ორივე ეს თვალსაზრისი სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და სიტუაციის გამძაფრების ისეთი მუქი სურათის ჩვენებას ემსახურება, თითქოსდა, ქვეყანა სერიოზულ ფინანსურ პრობლემებში შევა, თუ, რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის დათქმული “რეფერენდუმი” და მერე ვადამდელით ,,ოცნების,, სახლში გაშვება ვერ მოხერხდა. თორემ, თუ გავიხსენებთ, სააკაშვილი არ იყო, ევროინტეგრაციის დაჩქარების საპირისპიროდ, სულაც სინგაპურიზაციას რომ აწვებოდა? ამ დროს უნდა ითქვას, რომ ეს 75-მილიონიანი დახმარება, რეალურად გრძელვადიანი კრედიტი, თუნდაც უპროცენტო, არანაირ კავშირში არა არის ევროკავშირის სამომავლო ფინანსურ მხარდაჭერაზე. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ამასწინდელი ვიზიტიც ამის დასტურია. საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან მთლიანი მხარდაჭერა გამოუცხადა რა მართველ პარტიას, გააჟღერა უმნიშვნელივანესი გზავნილები ევროპიდან დახმარების გეგმასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. კერძოდ, საქართველოს მიეცემა საშუალება, რამდენიმე ეტაპს “გადაახტეს“ და პირდაპირ შეუერთდეს იმ ეტაპს, რაც ახლა არის ევროკავშირში. ამ გეგმით, საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას, რაც უპრეცედენტოა თავისი მოცულობით და პანდემიამდე პერიოდის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედზე მეტია. სულ ახლახან წამყვანმა საერთაშორისო „ სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს უცვლელად დაუტოვა საკრედიტო რეიტინგი, ხოლო ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად, 3.5 პ.პ-ით გაუზარდა 7.7 % -მდე. ეს შეფასებები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის კარგ წინაპირობებს, ქვეყანას საინვესტიციო რეიტინგი მიენიჭოს უახლოეს ორ წელიწადში, რაც არის, გაზრდილ საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, მყარი ბაზისი გრძელვადიანი სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის. თავის მხრივ, სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება პირდაპირ არის დამოკიდებული საგარეო მოწყვლადობის შემცირებასა და საგარეო ვალდებულებების შემცირებასთან. ამიტომაც არის, რომ მთავრობა 2026 წლისათვის მთავრობის წმინდა ვალის შემცირდებას გეგმავს არსებული 61 პროცენტიდან 45 პროცენტამდე, ხოლო 2030 წლისათვის 40 პროცენტზე დაბლა იქნება. ამასთან, ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდება დღევანდელი 7.9 პროცენტიდან 2 პროცენტამდე. დღეს არანაირი საჭიროება არ დგას დამატებით ვალების აღებაზე, რაც თუნდაც გასულ წელს იდგა საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრი შემცირების და, მეორე მხრივ, ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო, ანუ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდიდან გამომდინარე. ბიუჯეტის შემოსავლებმა მარტო ბოლო ერთ თვეში 1099 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 26.4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის წინა ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელს – 15.8 პროცენტით აღემატება. აღნიშნული პროცესი ქმნის სახელმწიფო ვალდებულებების უფრო სრული და დროული დაფარვის შესაძლებლობას, მათ შორის, სახელმწიფო ვალის დაჩქარებული მომსახურებისა და მისი ტვირთის (მშპ-სთან თანაფარდობის) შემცირების რეალურ პირობებს. გარდა ამისა, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასთან ერთად, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით 2 მილიარდ-ნახევარს დახარჯავს, დაფინანსდება 1300-ზე მეტი საწარმო. პირველი სექტემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახალი კომპონენტები შედის ძალაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებასა და იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას, ახალი პროგრამებისთვის ბენეფიციარები ერთდროულად მიიღებენ როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე, პროექტის 15 პროცენტით საგრანტო თანადაფინანსებას ბანკების წინაშე, ამავდროულად, მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმების დანერგვით, მაქსიმუმ 10 წლის ვადით. ეს პროგრამა, რომელიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას ემსახურება, მიგვიყვანს გაცილებით თვითკმარ და ექსპორტჩანაცვლებად ეკონომიკამდე, რაც, გარდა საგარეო მოწყვლადობის შემცირებისა, დასაქმების მძლავრი სტიმულატორიც გახდება, განსაკუთრებით – რეგიონებში“, – წერს გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები