ნატო-ში აცხადებენ, რომ დონბასში მიმდინარე ომი ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას ხელს არ უშლის

უკრაინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის, ალექსანდერ ვინიკოვის განცხადებით, ვაშინგტონის ხელშეკრულება არ შეიცავს მუხლს, რომელიც კრძალავს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მიმდინარე ომის გამო.

ამის შესახებ მან Eurointegration-თან საუბარში თქვა.

მისი თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ნატო-ში გაწევრიანებისთვის მომზადება.

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნატო-ს ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არ არსებობს ასეთი ნორმა. თუმცა, ყველა მოკავშირე უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ახალი წევრის შემოსვლა ალიანსის უსაფრთხოებას გაზრდის. ამიტომაც მიიღება ეს გადაწყვეტილება კოლექტიურად”, – თქვა მან.

კითხვაზე, როგორ შეიძლება, ნატო დაეხმაროს უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში, ვინიკმა აღნიშნა, რომ ალიანსმა სამხედრო ყოფნა შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიის შემდეგ გააძლიერა.

მისი თქმით, დღეს შავ ზღვასა და რუმინეთში ნატო-ს ბევრად მეტი თვითმფრინავი და გემია განლაგებული. ასევე, მეტი გემი შედის უკრაინის პორტებში და ატარებს სამხედრო წვრთნებს უკრაინასთან, რაც არის მხარდაჭერისა და სოლიდარობისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომლის გაგრძელებასაც ალიანსი აპირებს მომავალშიც.

გარდა ამისა, ვინიკოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, რადგან ალიანსი ერთგულია საკუთარი გადაწყვეტილების, რომელიც მიღებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტებზე და 2021 წელს ბრიუსელში.

თუმცა, ნატო ელოდება, რომ უკრაინა გააგრძელებს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შიდა რეფორმების გატარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები