ვახტანგ ჭარაია – მშპ-ის ზრდაზე: ეკონომიკური აღდგენა, საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
„ეკონომიკური აღდგენა, საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და თუ კოვიდრეალობამ ახალი პრობლემები არ შეგვიქმნა, 2021 წელს ყველა არსებულ პროგნოზზე უკეთესი შედეგით დავასრულებთ“, – ასე ეხმაურება თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია დღეს „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის ივლისის მონაცემებს.
ეკონომიკური ექსპერტის აზრით, სრულფასოვანი აღდგენისთვის მეტი საერთაშორისო აქტიურობაა საჭირო, რაც, უპირველეს ყოვლისა, უცხოური ინვესტიციების, ტურისტული შემოსავლებისა და რეექსპორტის შედეგების გაუმჯობესებასთან იქნება დაკავშირებული. ამის მისაღწევად აუცილებელი პირობა კოვიდის გლობალური დამარცხებაა.
ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ადგილობრივ დონეზე აქტიურობას, აღსანიშნავია ახალი, ბიზნესის წახალისებისკენ მიმართული სახელწიფო პროგრამების შექმნა, რომლებიც ეროვნული წარმოების გაძლიერებაზეა ორიენტირებული და აუცილებლად მოიტანს პოზიტიურ შედეგებს. მას მიაჩნია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდება ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე, ბიზნეს საქმიანობაშიც, ამიტომ, ეს მიმართულებაც ორმაგად გასაძლიერებელია.