ამირან გამყრელიძე: ფერდი ქვემოთკენ მოდის, შეიმჩნევა მცირე სტაბილიზაციის ნიშნები ყველა პარამეტრით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ სტაბილიზაციის მცირე ნიშნები შეინიშნება.
“ბოლო 2 კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღებისა და აღსრულების მეტი კონტროლის, ასევე, უფრო ინტენსიური აცრების ფონზე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო. ოღონდ, ჯერჯერობით, მაღალ ნიშნულზე შემთხვევათა რაოდენობის. დღეს, ბოლო 1 კვირის განმავლობაში პირველად, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ჩამოსცდა. ასევე, პირველად ამ კვირაში, ბოლო 60 დღის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელმა და ასევე ე.წ. კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელმა კუდი ქვემოთკენ ჩამოსწია. გადაიარა პიკი და ფერდი ქვემოთკენ მოდის. ანუ შეიმჩნევა ძალიან მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები ყველა პარამეტრით”, – განაცხადა გამყრელიძემ.