შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადება

„საარჩევნო კამპანიის ვადის ნახევარი უკვე გავიდა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ პერიოდში ყველა მუნიციპალიტეტში დაასახელა საკუთარი კანდიდატები, შეიმუშავა რეალისტური საარჩევნო პროგრამა და აქტიურად მუშაობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადება.

„საარჩევნო კამპანიის ვადის ნახევარი უკვე გავიდა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ პერიოდში ყველა მუნიციპალიტეტში დაასახელა საკუთარი კანდიდატები, შეიმუშავა რეალისტური საარჩევნო პროგრამა და აქტიურად მუშაობს, რომ, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, საზოგადოებამდე მიიტანოს ის გეგმები და მიზნები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განახორციელებს თვითმმართველი ორგანოების მეშვეობით! კოვიდ-რეგულაციების დაცვით ხდება ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან, თემატურ ჯგუფებთან, თითოეული სოფლისა და უბნის დონეზე ხდება პრობლემების აღრიცხვა და მათი გადაწყვეტის გზების მოძიება. ამის პარალელურად, ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე და არ აქვს რაიმე თუნდაც პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა. მეტიც, ისინი არ იყენებენ გარე რეკლამისთვის განკუთვნილ სივრცეებს, მათ შორის, არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის არგუმენტად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ. ოპოზიცია არ იყენებს ფასიან საეთერო დროს თავისი საარჩევნო რგოლების გასაშვებად. იყენებენ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებისთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს, რათა არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი; ეს იმ პირობებში, როდესაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ, მარცხის მიუხედავად, უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“. ოპოზიციურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტებში არ დააყენეს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ, რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას და მათი წარმომადგენლები სწორედ ამიტომ დამარცხდნენ ყველა სოფელსა და ქალაქში. ამ პოლიტიკურმა ძალებმა მონაწილეობა არ მიიღეს საოლქო და საუბნო კომისიების პროფესიული წევრების დაკომპლექტებაში, რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, კომისიების პროფესიული წევრები მიკერძოებულები იყვნენ. ყველა ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები